ობიექტების 70-80% ოქტომბრიდან აპრილამდე დახურულია – „ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდი”

„ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდის“ დამფუძნებელი, ანა კოშაძე BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ სტუმარმასპინძლობის სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით, მცირე ბიზნესების 80%-მდე დახურულია.
მისივე თქმით, დახურულ ობიექტებს შორის არა მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში არსებული ტურისტული ობიექტები, არამედ მაგალითად კახეთის რეგიონში არსებული ბიზნესებიც არიან, რომლებსაც შემცირებული ტურისტული ნაკადების ფონზე, ოპერირება გაუჭირდათ.
„სამწუხაროდ, საქართველოში კრიზისი და გაჭირვებაა. პირადად მე, შემიძლია ვთქვა, რომ ობიექტების 70-80% არის ოქტომბრიდან აპრილამდე დახურული. თან ეს არ არის მაგალითად მაღალმთიანი აჭარა, სადაც მისვლა რთულია. საუბარია ალვანზე, კახეთზე და სხვა რეგიონებზე. ძალიან უჭირთ ამ ადამიანებს სეზონურობაც.
არ ვიცი, კვლევაში რამდენად ჩაშლილია თუ ვინ შემოდის ქვეყანაში, რამდენად მხარჯველუნარიანია ეს ტურისტი ან რამდენს ხარჯავს, რადგან ვიცით, რომ აზიიდან შემოსული ტურისტები შედარებით ნაკლებს ხარჯავენ“, – ამბობს ანა კოშაძე.