ნუცა ბუზალაძეს ბათუმში გამართულ კონცერტში მონაწილეობისთვის, ბათუმის კულტურის ცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ბიუჯეტიდან 25 ათას 510 ლარს გადაუხდიან – ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
„ხელშეკრულების საგანია საახალწლო ღონისძიებებში მომღერალი ნინო [ნუცა] ბუზალაძისა და ბენდის საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა [არანაკლებ 30 წთ.], რომელიც დაგეგმილია 2025 წლის 4 იანვარს ქ. ბათუმში, ევროპის მოედანზე.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 25510,20 [ოცდახუთიათას ხუთასათი ლარი და 20 თეთრი], ღირებულებაში შედის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი, რომელთა გადახდაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი“ – აღნიშნულია ხელშეკრულებაში, რომელზეც ნუცა ბუზალაძეს ხელი 2024 წლის 30 დეკემბერს აქვს მოწერილი.
შეგახსენებთ, 4 იანვარს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტზე ნუცა ბუზალაძის გამოსვლისას საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აქციების დროს ნაცემი და დაკავებული ადამიანების ფოტოები მიიტანეს.
„სირცხვილო! სირცხვილო!“ – ასე ეძახდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები მომღერალს. ბუზალაძემ კი პასუხად აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ “ფული აქვთ აღებული” – „სირცხვილოს თუ ეძახით იმ ადამიანს, რომელიც ბავშვობიდან თქვენს სახელს წარმოადგენს, თან ძალიან მაგრად – სირცხვილო თქვენ. თქვენ დღეს მე ყურადღებას არ მოგაქცევთ, თქვენ თქვენი ფული ამაში აღებული გაქვთ“ – მიმართა ბუზალაძემ ხალხს.
ბუზალაძემ ახალციხეშიც გამართა საახალწლო კონცერტი რისთვისაც 18 ათასი ლარი მიიღო ბიუჯეტიდან.