ორგანიზაცია Finspot ცხოველთა საკვების მწარმოებლებისა და რითეილერების ფინანსურ მაჩვენებლებს 6 კომპანიის მაგალითზე გაეცნო: შპს “ნუტრიმაქსი” (Nutrimax • ნუტრიმაქსი) შპს “ინვეტი” (Invet Group • ინვეტ ჯგუფი) შპს “ზოომარტი” (Zoomart – ზოომარტი) შპს “აქვა-ტერრა” (ზოოსითი • ZooCity) შპს “ზოოლაიფი +” (ZooLife ზოოლაიფი) შპს “ზოოჰაბი” (Zoohub • ზოოჰაბი).
“ნუტრიმაქსის” და “ინვეტის” ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფერმის ცხოველების და ფრინველების საკვების წარმოება და რეალიზაცია. კომპანიები ასევე უწევენ რეალიზაციას შინაური ცხოველების საკვებს. “ინვეტი” შინაური ცხოველებისთვის ძირითადად იმპორტირებულ საკვებს ყიდის საკუთარი მაღაზიათა ქსელის მეშვეობით. “ნუტრიმაქსმა” კი 2023 წელს გახსნა ახალი საწარმო კომპანიონი ცხოველებისთვის საკვების დამზადების შესაძლებლობით. დანარჩენი 4 კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს შინაური ცხოველების იმპორტირებული საკვების რეალიზაცია საკუთარი მაღაზიათა ქსელების მეშვეობით.
„კომპანიებს საკმაოდ ჯანსაღი მომგებიანობის მაჩვენებლები აქვთ. EBITDA მარჟა საშუალო შეწონილით 13%-ია, წმინდა მოგების მარჟა კი 10%. აღსანიშნავია, რომ კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლები მათი საქმიანობიდან და მიმართულებებიდან გამომდინარე განსხვავებულია:- კომპანიები, რომელთა შემოსავლების ძირითად წყაროს ფერმის ცხოველების/ფრინველების საკვების რეალიზაცია წარმოადგენს, გაცილებით დაბალ მარჟას იღებენ, ვიდრე შინაური ცხოველების საკვების რეალიზატორი კომპანიები.
თითოეული კომპანიის ფილიალების რაოდენობა 11-35-ის ფარგლებშია. “ნუტრიმაქსს” კი განსხვავებული რეალიზაციის მოდელი აქვს, რის ფარგლებშიც კომპანია საკუთარ წარმოებულ პროდუქციას დილერების მეშვეობით ყიდის.
წარმოდგენილ კომპანიებს შორის, Nutrimax • ნუტრიმაქსი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელი კომპანიაა. 2023 წელს კომპანიის შემოსავლებმა ₾76 მილიონი შეადგინა, რაც თითქმის 3-ჯერ აღემატებოდა 2019 წლის ბრუნვას, თუმცა 18%-ით ჩამოუვარდებოდა 2022 წლის მაჩვენებელს.
Invet Group • ინვეტ ჯგუფი-ს შემოსავლებმა ₾61 მილიონი შეადგინა, საიდანაც შემოსავლის უმეტესობა (₾39 მილიონი) გენერირდება შპს “ინვეტ ფიდის” მიერ (დანარჩენი კი ძირითადად ვეტერინარულ მომსახურებასა და პრეპარატებზე, და შინაური ცხოველების საკვების დისტრიბუცია-რეალიზაციაზე მოდის). “ინვეტ ფიდი” წარმოადგენს “ინვეტის” 100%-იან შვილობილს, რომლის ძირითად საქმიანობასაც ფერმის ცხოველთა საკვების წარმოება/რეალიზაცია წარმოადგენს.
ვინაიდან დანარჩენი 4 კომპანია ძირითადად მხოლოდ შინაური ცხოველების საკვების და მოვლის საშუალებების დისტრიბუცია-რეალიზაციას ეწევა, მათი შემოსავლები ₾5-₾20 მილიონის ფარგლებშია. აქედან, შემოსავლების კუთხით, ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა Zoomart – ზოომარტი.
ცხოველთა საკვების მწარმოებლების/რეალიზატორების საერთო მოგების მარჟები (gross profit margin) ერთმანეთისგან განსხვავდება. ვინაიდან, “ნუტრიმაქსის” და “ინვეტის” შემოსავლების დიდი წილი მოდის ფერმის ცხოველთა და ფრინველთა საკვების წარმოებაზე, მათი მარჟები შედარებით დაბალია (22%-24%). ის კომპანიები კი, რომელთა ძირითადი საქმიანობაც კომპანიონი ცხოველების საკვების წარმოებაა, უფრო მაღალი საერთო მოგების მარჟებით გამოირჩევიან (30%-50%).
საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში საშუალო შეწონილით 17%-ია (მხოლოდ კომპანიონ ცხოველებზე ფოკუსირებული კომპანიების – 26%).
კომპანიების საოპერაციო ხარჯების ყველაზე დიდი ცალკეული კომპონენტები ძირითადად ხელფასები და იჯარაა. საოპერაციო მოგების მარჟა საშუალო შეწონილით 12%-ია (მხოლოდ კომპანიონ ცხოველებზე ფოკუსირებული კომპანიების – 19%).
“ნუტრიმაქსის” გარდა, კომპანიებს საკმაოდ დაბალი ლევერიჯი აქვთ ან საერთოდ არ აქვთ სესხი. შესაბამისად, მაღალი მომგებიანობის და დაბალი ლევერიჯის ფონზე კომპანიები ახერხებენ დივიდენდის გაცემას.
კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდები 2019-23 წლებში კუმულატიურად: Nutrimax • ნუტრიმაქსი: ₾7.3 მილიონი- დივიდენდი თითქმის სრულად აღებული სესხით დაფინანსდა. კომპანიას საოპერაციო თავისუფალი ფულადი ნაკადები კაპიტალური დანახარჯების დასაფარდაც არ ჰყოფნიდა, ამიტომ დამატებით სესხს იღებდა ნაწილობრივ კაპიტალური დანახარჯების დასაფინანსებლად, სესხზე მომსახურებისთვის და დივიდენდის გასაცემად. Invet Group • ინვეტ ჯგუფი: ₾4.0 მილიონი. Zoomart – ზოომარტი: ₾3.1 მილიონი. ზოოსითი • ZooCity: ₾1.6 მილიონი. ZooLife ზოოლაიფი: ₾0.6 მილიონი (მოიცავს 2021-23 წლებს). Zoohub • ზოოჰაბი: ₾0.5 მილიონი (მოიცავს 2022-23 წლებს)“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
მსოფლიო მასშტაბით შინაური ცხოველების ინდუსტრია საკმაოდ მზარდია, არსებული პროგნოზებით, აღნიშნული ბაზრის მოცულობა $500 მილიარდს მიაღწევს 2030 წლისთვის.