„ნურავის ექნება ილუზია, რომ რომელიმე ქვეყნის ბიზნესმენი ისეთი ალტრუისტია, საქართველოს ლამაზი ბუნების გამო ჩადებს აქ ფულს ან იმიტომ, რომ ხალხს ლამაზი თვალები აქვს“ – ასე უპასუხა იურიდიული ფირმა BLC-ის მმართველმა პარტნიორმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რომელიც პოლიტიკური კრიზისის და საგარეო კურსთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების საინვესტიციო კლიმატზე გავლენას შეეხებოდა.
„ნუ დავიჯერებთ ასეთ რაღაცას. ინვესტორს სჭირდება გარანტიები, რომ იმაზე მეტ ფულს იშოვის, ვიდრე დააბანდებს“, – ამბობს იურისტი.
ქეთი ქვარცხავა ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, ქვეყანაში ეკონომიკური და ბიზნესაქტივობა სრულად არ გაჩერებულა, მაგრამ დიდი პროექტები „შეყოვნებულია“.
„ძირითადი მიზეზია გაურკვევლობა ინვესტორებში იმასთან დაკავშირებით, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში – საუბარია საგარეო ვექტორზე, ასევე, რამდენად იქნება სტაბილურობა ქვეყანაში და ა.შ. ამ ყველაფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინვესტორისთვის, რომელიც ქვეყანას საინვესტიციოდ განიხილავს.
ინვესტორი როდესაც რამე აქტივს ყიდულობს ან კონკრეტული თანხის ჩადება სურს ამა თუ იმ სფეროში, გვიკვეთავს ე.წ. Due Diligence-სს [Due Diligence რისკების მართვის ინსტრუმენტია] ანუ აინტერესებს, რამდენად გამართლებულია მისი საინვესტიციო გადაწყვეტილება. მას შემდეგ კი, როცა ჩავაბარებთ ანგარიშს, გვეკითხებიან – გასაგებია, რომ თქვენთან საკუთრების უფლება დაცულია, მაგრამ რა მოხდება ეკონომიკაში?! ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია და ჩვენ ვერაფერს ვეუბნებით, რადგან ჩვენ თვითონ არ და ვერ ვიღებთ სერიოზულ ბიზნესგადაწყვეტილებას… საბოლოოდ კი, [ინვესტორები] ჩერდებიან და გადადიან მოვლენების განვითარების დაკვირვების რეჟიმში… შიდა პოლიტიკურ კრიზისს კი უკვე დაემატა გაურკვევლობა საგარეო პოლიტიკაშიც – რა მოხდება დასავლეთში, რას იზამს ტრამპის ადმინისტრაცია და ა.შ.“, – განაცხადა ქეთი ქვარცხავამ.
BLC-ის მმართველი პარტნიორის თქმითვე, ჯამში, საქართველოში სიტუაცია არაა სახარბიელო, მეტიც, საგანგაშოა, მაგრამ არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბაზარზე ადგილი ჰქონდეს უცხოური კაპიტალის გადინებას ან წილების გაყიდვას. „ასეთ აპოკალიფსს ვერ ვხედავ“, – დასძინა იურისტმა.
„წერტილთან“ ინტერვიუში ქეთი ქვარცხავამ ადგილობრივი ინვესტორების განწყობა-მოლოდინებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უცხოელების მსგავსად, არათუ შიდა ინვესტორები, არამედ ფიზიკური პირებიც ეკონომიის რეჟიმში გადავიდნენ.
„რამდენად რეალურია, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, აღმოსავლეთიდან მაინც შემოვიდეს საქართველოში ინვესტიციები“? – #წერტილის წამყვნის ამ კითხვაზე პასუხად BLC-ის მმართველმა პარტნიორმა განაცხადა, რომ „ყველა ინვესტიციას სჭირდება სტაბილური გარემო და ამ შემთხვევაში, წარმომავლობას არ აქვს მნიშვნელობა“.
„მით უმეტეს გაერთიანებულ საამიროებზე თუ ვსაუბრობთ {$6-მილიარდიანი ინვესტიცია EMAAR-ისგან] ვსაუბრობთ, ის ნამდვილად არაა ცუდი იურისდიქცია… თუმცა იგივე რუსულ ინვესტიციებს ან აღმოსავლურ ინვესტიციებს ისე ნუ შევხედავთ, რომ ოღონდ სადმე წაიღონ ფული და არ აქვს მნიშვნელობა, სად ჩადებენ. მათაც სჭირდებათ სტაბილური ქვეყანა, რომელიც სწორი მიმართულებით ვითარდება და რომლის მომავალიც ჩანს.
წარმოიდგინეთ, თქვენ რომ ძალიან დიდი ფული გქონდეთ, რატომ წაიღებდით ფულს ისეთ ქვეყანაში, სადაც არ ჩანს, რა ეკონომიკური მომავალი აქვს?! ამიტომ ყველა ინვესტორს სჭირდება წინასწარ განჭვრეტადი გარემო.
ჩვენ ვიცოდით, რომ უნდა შევსულიყავით ევროკავშირში. აქედან გამომდინარე, გვქონდა მოლოდინი, რომ EU დაგვეხმარებოდა სწრაფ და მდგრად ზრდაში, რეფორმების გატარებაში, რათა ერთ დღესაც ევროგაერთიანების წევრები გავმხდარიყავით. ახლა ეს საკითხი აბსოლუტურად ბუნდოვანია.
კარგი, ვთქვათ, [ქართული ოცნებაში] არ მიიჩნევენ საჭიროდ, რომ ევროკავშირის მიმართულებით განვვითარდეთ, მაგრამ არც ის ჩანს, რა მიმართულებით მივდივართ. თუ ვიკეტებით, ეს ხომ საერთოდ არანორმალური ვითარებაა?!“, – განაცხადა ქეთი ქვარცხავამ.
