ნულოვანი საგადასახადო რეჟიმის დაწესება დამწყები სტარტაპებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი სტარტაპის “ჭკვიანი აეროპონიკის” დამფუძნებელმა, სტარტაპერმა ონისე ზივზივაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე შეფასებით, დღეს საქართველოში საშემოსავლო და მოგების გადასახადები ბიზნესს სერიოზულად აწვება.
“იმდენად მგრძნობიარეა გადასახადების საკითხი დამწყები და მცირე ბიზნესისთვის, რომ უნიკალური შესაძლებლობა იქნება აღნიშნული მიმართულებით შეღავათი. საკმაოდ მაღალია გადასახადები. ბიზნესი, რომ განვითარდეს რაღაც თანხა უნდა შემოდიოდეს და რაც უფრო მეტი თანხა დარჩება ბიზნესში – უფრო სწრაფად განვითარდება.
ზოგადად სტარტაპების სტაბილურობა ფინანსებთან ერთად, პასუხისმგებლიან მუშაობაზეა დამოკიდებული. საქართველოში მუშაობის კულტურის ნაკლებობა გვაქვს, თორემ ინტელექტუალური რესურსი ძალიან დიდია. სტარტაპი სწრაფად მზარდი უნდა იყოს. ეს არ არის ვაჭრობის ბიზნესი, რომ დაველოდოთ ტვირთის მიღებას, შემდეგ გავაორმაგოთ და ა.შ. საწყის მომენტში გადასახადებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ კომპანიას არ დააწვეს, მაგრამ საერთო ჯამში თუ სტარტაპი წარმატებულია ის იმდენად სწრაფად იზრდება, რომ გადასახადები დიდ გავლენას აღარ ახდენს”, – ონისე ზივზივაძე.
ცნობილია, რომ სტარტაპი ” ჭკვიანი აეროპონიკა” საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი გრანტის მფლობელი 2021 წელს გახდა. მეორე პროექტის ”G3D პრინტერის” განხორციელებისას კი კომპანიამ ადგილობრივი ინვესტორებისგან 200 000 ლარის გრანტი მოიზიდა.
რაც შეეხება სახელმწიფოს მხარდაჭერას,ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, რომ საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტი სტარტაპებისთვის ნულოვანი საგადასახადო რეჟიმის დაწესებაზე იმსჯელებს.
სახელმწიფოს მხრიდან საშეღავათო რეჟიმის ამოქმედება, რომელიც სტარტაპებზე გავრცელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გასულ წელს დაანონსა. მაშინ ითქვა, რომ განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება.
პრემიერმა დაასახელა სამი ინოვაციური მიმართულება, რომელიც ინოვაციური სტარტაპის სტატუსს მიიღებს: ხელოვნური ინტელექტი, ფაგიო და აგროტექნოლოგიები.
