ნუგზარ წიკლაური – 4 ოქტომბერს იქნებოდა ძალიან კარგი სურათი, თუ თბილისის ქუჩები სავსე იქნებოდა ხალხით, ასი ათასობით ადამიანით იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების” საარჩევნო უბნებზე იქნებოდა სიცარიელე

4 ოქტომბერს, მე ვფიქრობ, იქნებოდა ძალიან კარგი სურათი, თუ კი თბილისის ქუჩები სავსე იქნებოდა ხალხით, ასი ათასობით ადამიანით იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების” საარჩევნო უბნებზე იქნებოდა სიცარიელე, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
წიკლაურის თქმით, ეს სურათი იქნებოდა სწორედ ის კონტრასტი, რომლითაც საზოგადოებაც და პარტნიორი ქვეყნებიც დაინახავდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ ხალხის მხარდაჭერა არ აქვს.
„ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ჩვენ ვიყავით საქართველოს რეგიონებში, გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ამბროლაურში, თერჯოლაში, ქუთაისში და ეს არის ნაწილი იმ კამპანიის, რომელსაც ჩვენ დავიწყებთ ძალიან მალე იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავარწმუნოთ იმაში, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა, რეალურად, ნიშნავს რეჟიმის ლეგიტიმაციას, რომ რეალურად ეს არის სპეცოპერაცია და ფარსი და ასევე იმისათვის, რომ ხალხი მოემზადოს დიდი მასშტაბური გამოსვლებისათვის გადამწყვეტ დროს.
4 ოქტომბრამდე იქნება ეს კამპანია, მას ექნება ძალიან კონკრეტული მიმართულებები, რომელზეც ახლა ვისაუბრე, ხოლო 4 ოქტომბერს, მე ვფიქრობ, იქნებოდა ძალიან კარგი სურათი, თუ კი თბილისის ქუჩები სავსე იქნებოდა ხალხით, ასი ათასობით ადამიანით იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების” საარჩევნო უბნებზე იქნებოდა სიცარიელე – ეს იქნებოდა სწორედ ის კონტრასტი, რომლითაც ჩვენ დავანახებდით ყველას, საქართველოს მოქალაქეებსაც და ჩვენს მეგობარ ქვეყნებსაც, თუ რამდენად ანტი-ხალხური არის ეს რეჟიმი და რამდენად არ აქვს მას არანაირი მხარდაჭერა”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ISSA-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პირობებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მორალურადაც და იდეოლოგიურადაც არასწორია.
„ყველაფერს ნათელი მოჰფინა ბატონი იაგო კაჭკაჭიშვილის გუშინდელმა კვლევამ, ხაზგასმით ვამბობ, რომ მხოლოდ 20%-ია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას უჭერს მხარს. მე მგონია, რომ პრაგმატულადაც, იდეოლოგიურადაც, მორალურადაც არასწორია, რომ ამ პირობებში მაინც მიიღოს ვინმემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.