პაპუაშვილის პოლიტიკური სიბრმავის მკურნალები ჩვენ ვერ ვიქნებით, ისევე, როგორც მისი სიყრუის გამო, ვეღარაფერს შევასმენთ, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარლამენტის თავმჯდომარის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან ამომრჩეველს რეგიონებში და არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ამას კიდევ უფრო ხშირი სახე მიეცემა.
„საიდან მოიტანა შალვა პაპუაშვილმა, რომ ქალაქებსა და უბნებში ოპოზიციის წარმომადგენლები არ არიან. მე, პირადად, რამდენიმე დღე ვიყავი სხვადასხვა რეგიონში, პარტიის თანათავმჯდომარე ნიკა მელია ახლაც არის გასული, ხვალ ჩვენი ჯგუფები სხვადასხვა ქალაქში მიემართებიან კიდევ შეხვედრებისთვის, უახლოეს დღეებში იგეგმება ასევე დიდი გასვლები რეგიონებში. პაპუაშვილის სიბრმავის მკურნალები ჩვენ ვერ ვიქნებით, ისევე, როგორც მისი სიყრუის გამო, ვეღარაფერს შევასმენთ, პოლიტიკურ სიბრმავესა და სიყრუეს ვგულისხმობ. ოპოზიცია მოქმედებს და რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ცხადია, რომ კომუნიკაცია ამომრჩეველსა და პოლიტიკურ ლიდერებს შორის სულ უფრო და უფრო მკაფიო და ყოველდღიური გახდება“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოპოზიცია რომელ ქალაქში, სოფელსა თუ უბანშიც არ უნდა მივიდეს, მას პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ „ხალხს ომისთვის, ნგრევისა და სიკვდილისთვის სწირავენ“.