ნუგზარ წიკლაური – „ლელო“ და გახარიას პარტია შეერთდნენ ივანიშვილის სახელით – დღეს გახარიასგან გასაოცარი განცხადება მოვისმინეთ, თან ამომრჩეველს მოუწოდებს, მივიდეს „დიდგორში“ – ეს ნაბიჯი უმძიმესი პოლიტიკური შეცდომაა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ოთხი ოპოზიციური პარტიიდან ორი ძალის საერთო კურსიდან გადახვევამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ოპოზიციის ერთიანობას.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, შეუძლებელია პოლიტიკურ ველზე სრულფასოვნად დარჩენა იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომელიც ხალხის ინტერესებს და ერთხელ ნათქვამ სიტყვას უღალატებს.
ამასთან წიკლაურმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ იყვნენ პარტიები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ, „ახლა შეერთდნენ და შეერთდნენ ივანიშვილის სახელით“.
„სულ იყო 4 მეინსტრიმული პარტია, რომლებმაც თავის დროზე განაცხადეს, რომ პარლამენტში არ შედიოდნენ. როდესაც 2 პარტია გამოეყოფა ამას, რა თქმა უნდა, არის დარტყმა ოპოზიციაზეც. როდესაც არჩეულ გზას ღალატობს 2 პოლიტიკური პარტია, ძალიან უცნაურ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიკეთო სიგნალი. მაგრამ შეუძლებელია პოლიტიკურ ველზე სრულფასოვნად დარჩენა იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომელიც ხალხის ინტერესებს და ერთხელ ნათქვამ სიტყვას უღალატებს.
„ლელო“ იყო ის პოლიტიკური პარტია, რომელიც საუბრობდა რომ წერილი უშუალოდ გახარიასგან მიიღო 2018 წელს. ითქვა ამ წერილზე რამე? რამე შეთანხმება არსებობს? ამ ორმა ძალამ თქვა, რომ ეს ყველაფერი გაირკვა? ბადრი ჯაფარიძე ახლაც ამბობს, რომ გახარია მაშინ იყო ადამიანი, რომელმაც გადასცა წერილი, რომელშიც ეწერა, რომ ერთ-ერთ ტელევიზია უნდა დამჯდარიყო „იმედის“ ტრენდზე და უნდა შეჩერებულიყო ანაკლიის პორტის მშენებლობა. თუ ეს საკითხი არ გარკვეულა, როგორ ახერხებს ახლა კოოპერირებას ამ პოლიტიკურ ძალასთან?
ეს ორი პოლიტიკური ძალა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ, ახლა შეერთდნენ და შეერთდნენ ივანიშვილის სახელით. ეს პირდაპირ უნდა ვთქვათ. რადგან ივანიშვილის რეჟიმის “გაპრავება” არ არის ქართველი საზოგადოების ინტერესი“,- განაცხადა წიკლაურმა.
წიკლაურის თქმით, გახარიას მხრიდან ბრიუსელიდან გაკეთებული განცხადება – თითქოს იქ არის ბრძოლისთვის ყველაზე ეფექტური ადგილი, და არა საქართველოში — არის მორალურად გაუმართლებელი და პოლიტიკურად დამაზიანებელი.
“დღეს გასაოცარი განცხადება მოვისმინეთ, რომ თურმე ბრიუსელში არის ყველაზე ეფექტური ბრძოლა. „მზად ვარ ციხეში არ წავიდე“- ამბობს გახარია. გამიგია გამონათქვამები: მზად ვარ გავწირო ჩემი თავისუფლება, წავიდე ციხეში, ჩამოვიდე და პირისპირ დავუდგე – ეს ყველაფერი გამიგია, მაგრამ, არ გამიგია ადამიანი ამბობდეს – „მზად ვარ არ ჩავიდე იქ, სადაც საფრთხე მემუქრება“, თან ამომრჩეველს მოუწოდებს, მივიდეს ამ „დიდგორში“, სადაც თვითონვე ამბობენ, რომ იქნება ცემა და დაპირისპირება, ხოლო თვითონ ბრიუსელიდან დაიწყებს ამის ეფექტურად მართვას.
ეს ნაბიჯი არის უმძიმესი პოლიტიკური შეცდომა. ამ უმძიმესმა ნაბიჯმა დააზიანა ოპოზიციური ერთობა, მაგრამ ამასთანავე უნდა ვთქვათ, რომ გაჩნდა ქართული საზოგადოების სხვა დიდი წარმომადგენლობა“,- განაცხადა წიკლაურმა.