ნუგზარ წიკლაური – კონკრეტულ საკითხებში რვა პარტია ისედაც ერთიანია და ლაპარაკი, რომ საერთო ნომერი გვქონდეს, როცა არჩევნები წართმეულია, არის ინფანტილური – ყალბი ერთობა ბევრად უარესია

კონკრეტულ საკითხებში რვა პოლიტიკური პარტია ისედაც ერთიანია და ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაც საერთო ნომერი გვქონდეს მაშინ, როცა საერთოდ წართმეულია, მიმაჩნია, რომ არის ინფანტილური განცხადებები, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის წერილების საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც თავიანთ გზავნილებში პარტიების ერთიანობაზე წერდნენ.
წიკლაურის თქმით, პარტიებს შორის ახალი კონსულტაციების დაწყება და გაერთიანებაზე საუბარი ამ ვითარებაში პროდუქტიული არ არის.
“შესაძლებელია თუ არა, ორი სხვადასხვა პოზიციის ადამიანი ერთად სადმე წავიდეს? ეს ხომ შეუძლებელია. ჩვენ ვხედავთ ახლა, პოლიტიკურ ძალებში არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ უნდა შევიდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მიიღონ მონაწილეობა და არიან სხვა პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული პოზიცია. აქ არის ასეთი ვითარება, რომ რაღაც კონკრეტულ საკითხებში ეს რვა პოლიტიკური პარტია ისედაც ერთიანია და ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაც საერთო ნომერი გვქონდეს მაშინ, როცა არჩევნები საერთოდ წართმეულია, ეს მიმაჩნია, რომ არის ინფანტილური განცხადებები, მიმაჩნია, რომ არ არის თანადროული იმ პოლიტიკური ვითარებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის. ჩვენ გვაქვს ქვეყანა დასაბრუნებელი. ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როდესაც საერთოდ აღარ განიხილება არჩევნების სამართლიანობა და ამასთან დაკავშირებით დღეში ლამის ორი და სამი განცხადება კეთდება ხან ევროპარლამენტის, ხან ევროკავშირის, ხან სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერის სახელით ევროპიდან.
ახლა ამაზე საუბარი, მიმაჩნია, რომ არ არის პროდუქტიული იმიტომ, რომ არ გვაქვს არჩევნები, არ არსებობს მოქალაქის უფლებები საქართველოში და გუშინდელმა გამოსახლებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ეს, თუ რად უღირს ხელისუფლებას საქართველოში მოქალაქის ფასი და ამ ვითარებაში ახალი კონსულტაციების დაწყება იმაზე, რომ მოდი, ყველანი ერთნი ვიყოთ, ეს ხომ არ არის სერიოზული საუბარი?” – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ბევრჯერ შექმნილა მსგავსი ერთობა, რომელსაც ქვეყნისთვის წარმატება არ მოუტანია, რადგან, მისი შეფასებით, ეს იყო ყალბი ერთობა.
“ყალბი ერთობა არის ბევრად უარესი, ვიდრე განსხვავებული პოზიციების დავა, გამოსვლა, დისკუსია და ა.შ. ეს არის ყალბი ერთობა. ბევრჯერ შექმნილა ვითომ მსგავსი ერთობა და ამ ქვეყნისთვის სიკეთე და წინსვლა არასდროს მოუტანია.
მე მჯერა გაერთიანების ფუნდამენტურ საკითხებზე, ვთქვათ, როდესაც შეიძლება თქვენ მემარჯვენე იყოთ ან ეკონომიკაში რაღაც სხვა პოზიცია გქონდეთ და რაც დღეს ხდებოდა, “ოცნება” როგორ ჯალათებივით უსწორდებოდა უმწეო ადამიანებს, ამასთან დაკავშირებით გვექნება ერთი პოზიცია, სხვა რამესთან დაკავშირებითაც გვექნება ერთი პოზიცია, მაგრამ ახლა მოვაწყოთ რაღაც “ბაბილონის გოდოლი”, სადაც ყველა ერთად არის შეყრილი, მერე აუცილებლად ახალი წინააღმდეგობები დაიწყება იქაც”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.