არანაირი თანამშრომლობა რეჟიმთან ჩვენთვის მისაღები არ არის! ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს არჩევანის უფლება. კოალიციური მთავრობის შექმნაზე საუბარი ცოტა ნაადრევია და შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვურობის შთაბეჭდილებასაც ტოვებდეს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც „წინააღმდეგობის პლატფორმის“ და სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ „პლატფორმა საპარლამენტო არჩევნებისთვისა და კოალიციური მთავრობის შექმნისთვის ემზადება, ვინაიდან მმართველ გუნდში სერიოზული რყევებია, რაც იმის იმედს იძლევა, რომ მალე საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნება“.
მისივე თქმით, ახლა საფრთხე არის ის, რომ საქართველოში არ არსებობს არჩევანი და არა ის, შეუძლიათ თუ არა ოპოზიციურ პარტიებს ერთმანეთთან კოალიციებზე საუბარი.
„ინიციატივა წინააღმდეგობის მოძრაობასთან დაკავშირებით ტოვებს ოპტიმიზმის საფუძველსაც, როცა საუბარია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებზე, მათთან კომუნიკაციაზე, მათი პოზიციის გარკვეულწილად ფორმირებაზე, რაც გამოიხატა იმაში, როგორიც იყო EPP-ის განცხადება, როგორიცაა სხვადასხვა ლიდერების განცხადებები, აშშ-ის პოზიცია, რომ „ქართული ოცნებას“ მიღებული აქვს გზავნილი თუ მას სურს ურთიერთობის აღდგენა აშშ-სთან. ამ მიმართულებით ჩვენ არ გვაქვს განსხვავებები არც ამ პლატფორმასთან და არც ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, მაგრამ მიმაჩნია, რომ საუბარი ახლა კოალიციურ მმართველობაზე, როგორი იქნება მოწყობილი შემდგომი არჩევნები… თუ გახსოვთ არჩევნებამდე სულ იყო ამაზე საუბარი, ასეთი კოალიცია გავაკეთოთ, ისეთი კოალიცია გავაკეთოთ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ საფრთხე ახლა იმაში კი არაა, რომ ოპოზიციურ პარტიებს არ შეუძლიათ ერთმანეთთან კოალიციებზე საუბარი ან თავიანთი პოზიციების დაახლოება, საფრთხე არის გაცილებით უფრო ფუნდამენტური, ის რომ საერთოდ არჩევანი არ არსებობს საქართველოში. მე არასდროს მსურს პედალირება იმ განსხვავებების, რომელიც არის პოლიტიკურ პარტიებს შორის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არანაირი თანამშრომლობა რეჟიმთან – არც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევებზე, არც არანაირი სხვა თანამშრომლობა ჩვენთვის მისაღები არ არის! ერთადერთი ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს არჩევანის უფლება. ამის შემდეგ ბევრი რამ მოხდება, მათ შორის, კოალიციებზე საუბარიც. ახლა მიმაჩნია, რომ ეს ცოტა ნაადრევია და შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვურობის, ინფანტილურობის შთაბეჭდილებასაც ტოვებს.
დილემის, რომლის წინაშეც ჩვენ დავდექით, ერთ მხარეს არის რუსეთი, კომუნისტური ჩინეთი და აიათოლების ირანი, მეორე მხარეს არის ევროპა, აშშ და ის უდიდესი დემოკრატიული და ჰუმანისტური ტრადიცია, რომელიც არსებობს ამ მხარეს. საქართველოს არჩევანი არის ეს, საქართველოს არჩევანი არასდროს შეიძლება იყოს ის, რაც დასაწყისში ჩამოვთვალე. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მცდელობა, ეს მთავარი საკითხი, დილემა შეცვალო ცრუ დილემებით, ეს არის განწირული იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება ამას საკადრის პასუხს გასცემს“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ამასთან, კითხვაზე რა მოახდენს „ქართულ ოცნებაზე“ გავლენას და რა არის საჭირო იმისთვის, რომ მმართველი პარტიის პოზიციები შეირყეს, წიკლაურის განცხადებით, ეს არის მტკიცე და პრინციპული პროტესტი, რომელიც 6 თვეა გრძელდება და ასევე, მტკიცე და პრინციპული დამოკიდებულება დასავლელი პარტნიორების მხრიდან.
„ვფიქრობ, რომ ეს ორივე დღეს არსებობს, ჩვენ უბრალოდ უნდა მივყვეთ იმ გზას, რომელსაც 6 თვის განმავლობაში ვადგავართ. „ქართული ოცნება“ დანამდვილებით ფიქრობდა და ეს მათ საჯარო განცხადებებშიც იყო გამოხატული, რომ პროტესტი გაგრძელდებოდა ორი კვირა ან ერთი თვე, ისინი ელოდნენ ამას და ახლა უკვე კარგად ვხედავთ, რომ როგორც პროტესტანტების ლოზუნგია „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“. პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ არ იქნება სამართლიანი არჩევნები და სანამ ქართველი ხალხი არ დაიბრუნებს თავის ცივილიზაციურ არჩევანს“, – განაცხადა წიკლაურმა.
წიკლაური გიორგი ვაშაძის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მან ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებში ლიდერის საჭიროებაზე ისაუბრა და მიმდინარე პროტესტი „უთავო მხედარს“ შეადარა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გააზრებული მოძრაობა და მისი შედარება უთავო მხედართან არ არის სწორი.
„[გიორგი ვაშაძეს] ვერ დავეთანხმები ნამდვილად. შეიძლება არის მართლაც გარკვეული პერიოდი, როდესაც აპოგეას აღწევს ეს პროტესტი, მართლაც მას სჭირდება რამდენიმე აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი, მაგრამ რაც საქართველოში ბოლო 6 თვის განმავლობაში ხდება, მიმაჩნია, რომ ეს გამოსვლები სწორედ იმიტომაა, რომ საქართველოში პოლიტიკის, არჩევნების მკვლელობა მოხდა. ახლა უკვე პოლიტიკური პარტიების კი არ იყო ეს პროტესტი, არამედ იყო იმ მილიონობით ადამიანის, რომელმაც მიიჩნია, რომ მას მთავარი საკონსტიტუციო უფლება წაართვეს, წაართვეს არჩევანის უფლება.
დადგება პოლიტიკური პარტიების დრო, მათი პროგრამების გამოქვეყნების დრო, მაგრამ ახლა სწორედაც მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გააზრებული მოძრაობა, რომელიც მინახავს ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, მისი შედარება უთავო მხედართან და ამ ტიპის მეტაფორები მიმაჩნია, რომ არ არის სწორი“, – განაცხადა წიკლაურმა.
რაც შეეხება „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციას, წიკლაურის თქმით, არამხოლოდ „ევროპის სახალხო პარტია“, არამედ მთლიანად ევროპული პოლიტიკური საზოგადოება იზიარებს იმ გზავნილებს, რომელიც იყო გუშინდელ განცხადებაში.
„რამდენიმე წლის წინ იყო, როცა „ევროპის სახალხო პარტია“ აქტიურად ცდილობდა ადამიანების უფლებებზე, ანტიდემოკრატიულ მიმართებებზე მიექცია ყურადღება. ახლა უკვე არამხოლოდ EPP ცალკეული პარტია, არამედ ევროპის პარლამენტი, საპარლამენტო ასამბლეა, ცალკეული ქვეყნების ლიდერები აქვეყნებენ იმავე პოზიციას. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რაც არ უნდა სასაცილო იყოს, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ევროპის სახალხო პარტია“, ალბათ, უფრო კომედიური ჟანრისთვის თუ გამოდგება. რეალურად საქმე გვაქვს უმძიმეს ვითარებასთან – მთელი ევროპული საზოგადოება იზიარებს იმ სულისკვეთებას, რომ საქართველოში მომხდარი არის ანტიდემოკრატიული, ანტიცივილიზაციური ნაბიჯი „ქართული ოცნების“ მხრიდან, რაც დადასტურდა როგორც არჩევნების გაყალბებით, ისევე 28 ნოემბრის კობახიძის ცნობილი განცხადებით, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი სურვილი აღარაა ევროპულ საზოგადოებაში გაწევრიანება“, – განაცხადა წიკლაურმა.
