ნუგზარ წიკლაური – თუ ახლა გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, დამარცხდება საქართველო, თუ არ იქნება ევროპა, იქნება რუსეთი – განცხადებები, რომ „ევროპაში შესვლით კაცებს გაათხოვებენ და ომში გაუშვებენ“, არის რუსული ნარატივი

თუ ეს დამცირება, შეურაცხყოფა, რაც ახლა „ქართული ოცნების“ მხრიდან მოდის, ჩვენ გავატარეთ, ეს გაგრძელდება ყოველდღიურად, წლების განმავლობაში და თაობებს დაუკარგავს მომავალს – „ქართული ოცნება“ უნდა დარჩეს საკუთარ თავთან მარტო, ისე როგორც პარლამენტში დარჩა მარტო, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
ამასთან, როგორც წიკლაურმა 19 ივლისს გამართულ აქციასთან დაკავშირებით „არა რუსულ რეჟიმს!“ საუბრისას აღნიშნა, მას პოლიტიკურად მკვდარ სეზონზე, პროტესტზე გამოსული ამ რაოდენობის ადამიანი არ ახსოვს და შესაბამისად, „ყველა უნდა დაუბრუნდეს იმ გზას, რომელმაც მოიტანა შედეგი და „ქართული ოცნება“ არის იზოლირებული, მის მიერ ჩატარებულ არჩევნებს კი არ აქვს ლეგიტიმაცია“.
„ვფიქრობ, რომ ის ხალხი, ის პოლიტიკური პარტიები და რაც მთავარია, ის საზოგადოება, რომელიც გამოვიდა ქუჩაში, არის პრინციპული, თანმიმდევრული იმ პროტესტში, რომელიც საქართველოში გასული წლის გაყალბებული ს შემდეგ დაიწყო. დიახ, ეს აქცია იყო ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ მისი მიზანი არ ყოფილა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ გამოსვლა. აქ არის პრინციპულობა ამ საკითხებთან დაკავშირებით – ეს არის ხელისუფლების არაღიარება და იმ პროტესტის ერთგულება, რომელმაც არნახული შედეგები მოიტანა უკვე 8 თვის თავზე. პრაქტიკულად, მთელი „ქართული ოცნება“ არის იზოლირებული როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, განსაკუთრებით, ქვეყნის გარეთ. მას არ აღიარებს არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო და საკითხის ისე წარმოჩენა, თითქოს, ჩვენი აქციები მიმართულია „ლელოს“ ან „გახარიას საქართველოსთვის“ წინააღმდეგ, რომლებმაც უღალატეს ამ გზას, რაც ყველას ერთად გვქონდა არჩეული, ნამდვილად არ იქნებოდა სწორი. ჩვენ არ ვწყვეტ იმას, ვინმე მივუშვათ თუ არა აქციებზე. თუ ვინმე იზიარებს იმ სულისკვეთებას, რომელიც არის ამ აქციებზე, რა თქმა უნდა, შეუძლია მოვიდეს. მთელი პრობლემაც ისაა, რომ ვერც „ლელოს“ და ვერც გახარიას გუნდის წარმომადგენლებმა ვერ გაბედეს მოსულიყვნენ და მისულიყვნენ იმ ხალხთან, რომელთა ინტერესების წინააღმდეგ, სამწუხაროდ, გადადგეს ნაბიჯი. რაც მათ გააკეთეს, არის მთელი იმ გზის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი. ან შეიძლება მათ ჰქონდათ გარკვეული დისკომფორტი შეხვედროდნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც გაუცრუეს იმედები. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი საქმეა, რომელ აქციაში მიიღებენ მონაწილეობას. 30 წელია ქართულ პოლიტიკასთან კავშირი მაქვს და არ მახსოვს, რომ 19 ივლისს, ამ რაოდენობის ადამიანი, ამ სიცხეში გამოსულიყოს. როგორც წესი, ეს არის პოლიტიკურად მკვდარი სეზონი. როცა ამდენი ადამიანი გამოდის, ეს პირდაპირ აჩვენებს იმას, თუ რა ხდება ქართულ საზოგადოებაში, რამდენად მტკიცეა ის განწყობა და პროტესტი, რომელიც ჩაისახა გაყალბებული არჩევნების შემდეგ. პრაქტიკულად, 19 ივლისის მიტინგმა გადაწყვიტა, სად არის ხალხი, რა გზას უჭერს მხარს ხალხი. ყველას ნებაა აბუჩად აიგდოს საკუთარი პრინციპები, მრწამსი, პოლიტიკური კრედო და ვერც „ლელოს“ და ვერც გახარიას პარტიას რამისკენ ვერ მივუთითებ, მაგრამ ხალხის ნებაა, მას შემდეგ, რაც ასეთ ღალატს ნახავს მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება. ხალხმა მკაფიოდ გამოხატა ის დამოკიდებულება, რაც აქვს დღევანდელი პოლიტიკური პროცესის მიმართ.
ვფიქრობ, რომ ყველა უნდა დაუბრუნდეს იმ გზას, რომელმაც მოიტანა შედეგი. „ქართული ოცნება“ არის იზოლირებული, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ არჩევნებს არ აქვს ლეგიტიმაცია და თუ რამე უნდა გამყარდეს, უნდა გამყარდეს ყველა დონეზე მათი არალეგიტიმურობა. მონაწილეობა იმ საარჩევნო ფარსში, რუსულ სპეცოპერაციაში არის მხოლოდ და მხოლოდ შანსის მიცემა „ქართული ოცნებისთვის“, რომ რაღაცნაირად აღიდგინოს იმიჯი. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ორი მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია აქ არ მონაწილეობს, ხოლო ბოლო კვლევებით, რომელიც თვით მამუკა ხაზარაძის მიერ იყო დაკვეთილი, მათ პარტიას 5%-იც არ აქვს. ამ ვითარებაში გასვლა არჩევნებზე და “ქართული ოცნებისთვის“ შანსის მიცემა თქვას, რომ მეტ ნაკლებად იყო პირობები შექმნილი დემოკრატიული არჩევნებისთვის, მიმაჩნია, რომ პირდაპირ მიმართულია იმ დიდი და ჰეროიკული ბრძოლის წინააღმდეგ, რომელიც ქართველმა ხალხმა აწარმოვა ამ თვეების განმავლობაში.
„ქართული ოცნება“ უნდა დარჩეს საკუთარ თავთან მარტო, ისე როგორც პარლამენტში დარჩა მარტო. ეს არის ერთპარტიული ჩრდილოკორეული პარლამენტი და მისი აღიარება სწორედ ამიტომ არ ხდება. როცა ადამიანი არ ცნობს წესებს, აკეთებს ანტიევროპულ განცხადებებს, როდესაც საქართველოს უკეტავს გზას ცივილიზაციისკენ, როდესაც დაკავებული ჰყავს ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი, გარდა გახარიასი, რომელიც უბრალოდ არ ჩამოდის, თორემ, ალბათ, მასაც დაიჭერენ, ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ იმის ფუფუნება არავინ უნდა მისცეს, რომ ვითომ სამართლიან არჩევნებში ერთვება“,- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ამასთან, როგორც წიკლაურმა აღნიშნა, დროა, პარტიები „ლელო-ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ დადგნენ ხალხთან ერთად.
„ქართულმა ოცნებამ“, ამ ხალხმა, მტრის ხატი შექმნა ევროპისგან. მათ განცხადებებში გამოსჭვივის მხარდაჭერა ს მიმართ – „რატომ არის ევროპა ასე რომ იარაღდება?!“ „რატომ ეხმარება ს?!“ „ამან ხომ შეიძლება რუსეთის დასუსტება გამოიწვიოს…“ პრაქტიკულად, პირდაპირ წარმოადგენენ რუსული რეჟიმის განაყოფს. ყველაფერი ცხადია, მათი ანტირუსულობაც, მათი ანტიდემოკრატიულობაც. ახლა მათთან ერთად ადგილობრივ არჩევნებში შესვლა და საუბარი იმაზე, რომელიმე სოფელს რა სჭირდება გაზი თუ წყალმომარაგება, ეს არის უბრალოდ თავის მოტყუება. ქართველ ხალხს სურს ნამდვილი ცვლილებები. ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც ახლა პოლიტიკურ ასპარეზზეა, უნდა მოემსახუროს სწორედ ამ ინტერესს, რომ ეს ანტიხალხური, პრორუსული რეჟიმი აღარ იყოს ხელისუფლების სათავეში.
როცა პოლიტიკური ცხოვრება აღარ არსებობს, როცა ციხეშია ყველა პოლიტიკური ლიდერი, არასამთავრობო ორგანიზაციებს დევნიან, ჟურნალისტებს დევნიან, რჩება ერთადერთი რამ – თვით ხალხი გამოვიდეს და თავისი სიმრავლით აჩვენოს ყველას, მსოფლიოსაც, ხელისუფლებასაც, რომ არ შეეგუება ამ ანტიევროპულ გზას, არ შეეგუება საქართველოში რუსული რეჟიმის ჩამოყალიბებას. არ ვიცი ეს [მასშტაბური პროტესტი] 4 ოქტომბერს იქნება თუ შემდეგ დღეებში, ვფიქრობ, სექტემბერშიც იქნება ძალიან დიდი წინააღმდეგობის მოძრაობა. მთლიანობაში იმას, რომ საქართველოს მოქალაქემ აიღოს ახლა ხელში ყველაფერი და გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ, ამას ვეთანხმები. ამის პარალელურად ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, არის სრული ნონსენსი. მე ვფიქრობ, იმ ორმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გააკეთოს განცხადება და დადგნენ ხალხთან ერთად. შესაძლოა, მათ აქვთ კიდევ მცირე შანსი, აღარ გაჯიუტდნენ ამ უმძიმეს პოლიტიკურ შეცდომაში და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს კვლავ ჰქონდეს რაღაც კავშირი ქართველ ხალხთან. ხალხმა იცის, რომ თუ ახლა გაიმარჯვა ხელისუფლებამ, მაშინ საქართველო დამარცხდება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ არ გავტყდებით ჩვენ, გატყდება რეჟიმი!“- განაცხადა წიკლაურმა.
რაც შეეხება უვიზო რეჟიმის გაუქმების რისკეს, ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს ხელისუფლებისადმი და მათ პასუხს, როგორც წიკლაურმა აღნიშნა, „ყველასთვის ცხადია, რომ თუ არ იქნება ევროპა, იქნება რუსეთი“.
„ყველამ კარგად იცის, რომ განცხადებები, „შევალთ ევროპაში და ვიღაც კაცებს გაათხოვებს და ომში გაუშვებს“, არის რუსული ნარატივი, რომელიც აფერხებს საქართველოს თავისუფალ სივრცეში ინტეგრაციას. საქართველო ამით კარგავს უამრავ რამეს. ვიზალიბერალიზაციის გარეშე უფრო სუვერენული გახდება საქართველო? ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობის გარეშე უფრო სუვერენული გახდება თუ პირიქით, გადაიქცევა რუსულ პროვინციად? იქ მხოლოდ დასასვენებლად არ მიფრინავენ, ადამიანების 90% დაკოჟრილი ხელებითაა თვითმფრინავში, მიდიან სამუშაოდ, რომ საკუთარი ოჯახები გადაარჩინონ. არ მაქვს საუბარი სამედიცინო მომსახურებისთვის ვინც მიდის და შესაძლოა, დღეები წყვეტდეს ხანდახან ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ბედაც. მსოფლიო არ არის მრავალვექტორიანი. არსებობს ევროპა, , ბრიტანეთი, თავისუფალი სამყარო, აქეთკენ არსებობს რუსეთი, ჩინეთი და ირანი. ამ ორს შორისაა არჩევანი. როცა მტრის ხატად გვიხატავ ევროპას, ყველასთვის ცხადია, რომ თუ არ იქნება ევროპა, იქნება რუსეთი. მათ კარგად იციან, რომ თუ დაკარგეს ხელისუფლება, ის ასობით მილიონი დოლარი, რაც მოჰპარეს ქართველ ხალხს და რისთვისაც ახლა თვითონ ერთმანეთს ტყვიას ესვრიან, ან ხანდახან ტყვიას იხლიან, გახდება ყველასთვის ცნობილი. ესაა ახლა „ქართული ოცნების“ პრობლემა. თუ ეს დამცირება, შეურაცხყოფა, რაც ახლა „ქართული ოცნების“ მხრიდან მოდის, ჩვენ გავატარეთ, ეს გაგრძელდება ყოველდღიურად წლების განმავლობაში და თაობებს დაუკარგავს მომავალს“,- განაცხადა წიკლაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ