იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხდება საერთო განაცხადის ჩამოყალიბება, მაშინ, მე ვფიქრობ, რომ რესურსი ამ პლატფორმაზე მონაწილეების იქნება ძალიან მცირე, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” „წინააღმდეგობის პლატფორმაზე“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო საკითხებში პარტიებს შორის თანხმობა არსებობს, თუმცა, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით საერთო განაცხადი ჩამოყალიბებული არ არის.
„პლატფორმასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება იქნება. თუმცა, ჩვენ ადრეც ვთქვით, რომ საერთაშორისო საკითხებში ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა. იქ, იმ საერთაშორისო მოედნებზე, სადაც დადიან ამ პლატფორმის წარმომადგენლები და საუბრობენ იმაზე, რომ არჩევნები იქნა გაყალბებული, რომ საქართველოს სჭირდება მხარდაჭერა და სხვადასხვა საკითხი, რომელიც არის საერთაშორისო ორგანიზაციების სასაუბრო, აქ ჩვენ იდენტური პოზიციები გვაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ – იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხდება საერთო განაცხადის ჩამოყალიბება, მაშინ, მე ვფიქრობ, რომ რესურსი ამ პლატფორმაზე მონაწილეების იქნება ძალიან მცირე.
საერთოდ, ყოველთვის, როდესაც არის ერთიანობის იდეა, ჩვენი პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ ამ ერთიანობაში შეიტანოს თავისი წვლილი. როდესაც ამ ერთიანობას უჩნდება ბზარები, ჩვენ არ ვართ ის პარტია, რომელიც ამ ბზარებს აღრმავებს, თუმცა, თუ ისე გაგრძელდა, რომ ეს პოზიციები სულ უფრო და უფრო დაშორდა ერთმანეთს, ამ შემთხვევაში, ტყუილად ადამიანებისა და საკუთარი თავის მოტყუება, მე ვფიქრობ, რომ არავისთვის არ არის სასარგებლო”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით, 31 მარტის აქციაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად პარტიებიც უნდა მდგარიყვნენ და ერთიანი პოზიცია გამოეხატათ, თუმცა მათი ერთობა მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებით შეუძლებელი გახდა.
„31 მარტამდე იყო საუბარი იმაზე, რომ ამ პოლიტიკური პარტიების ერთიანი პოზიცია ყოფილიყო გამოქვეყნებული. სწორედ იმ 31 მარტის აქციაზე ქალბატონ ზურაბიშვილთან ერთად ვმდგარიყავით და ასე გამოგვეხატა ჩვენი ერთიანი პოზიცია. მაშინ გახსოვთ, რომ ეს ერთიანი ფორმატი შეუძლებელი გახდა სწორედ იმის გამო, რომ არ გვქონდა ერთიანი პოზიცია.
პოლიტიკური პარტიები გამოხატავენ თავიანთ აზრს, მაგალითად, „ლელო” ამბობს, რომ ახლა ჯერ ადრე არის საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და იმაზე, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას; გახარიას პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ განიხილავენ და, ალბათ, მიიღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, ამიტომ, ერთიანი განცხადება შეუძლებელი გახდა.
ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ ნებისმიერი მონაწილეობა “ქართული ოცნების” მიერ დანიშნულ არჩევნებში მიუღებელია”, – განაცხადა წიკლაურმა.
