როგორც ხელისუფლებას აქვს გადაწყვეტილი ესაუბროს ხალხს, იმის გამოხატულება არის ზვიად ხარაზიშვილის სიტყვებიც, გინებაც, ფიზიკური შეურაცხყოფაც – ის არის ხელისუფლების სიმბოლო, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები პოლიტიკური უძლურობის, ნგრევის და დეგრადაციის გამოხატულებაა.
„როდესაც საგარეო და საშინაო პოლიტიკურ გამოწვევებზე არ გაქვს პასუხი, ერთადერთი პასუხი შენთვის არის ჯოხის ხელში აღება და ადამიანების დემოკრატიული უფლებების შეზღუდვა. მართლა სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ხელისუფლების წარმომადგენლების და პოლიციელების შეურაცხყოფისთვის სანქციები მკაცრდება – ჩვენ ყველამ ვიხილეთ, რომ სპეცრაზმის ხელმძღვანელი ხარაზიშვილი უშვერი სიტყვებით აგინებდა ადამიანებს, პროტესტის მონაწილეებს, ჟურნალისტებს და პირადად ფიზიკურად უსწორდებოდა ადამიანებს. ამ ადამიანს ყაველაშვილმა სულ რაღაც ერთი კვირის წინ მისცა ღირსების ორდენი. ასე ღირსების ორდენის კავალერი, გამოდის და ქუჩაში საჯაროდ სცემს ადამიანებს და მათ აგინებს. ეს არის მართლა ტრაგიკომიკური რეალობა დღევანდელი საქართველოში. მაინტერესებს ამ ადამიანს დაეკისრა რაიმე სასჯელი?! ბოლოს ხომ ვიცით რასაც აღმოაჩენენ. აღმოაჩენენ, რომ მოქალაქემ იმდენად გაამწარა ეს კრავივით თვინიერი პიროვნება, რომ აიძულა მას დაეწყო გინება. უმთავრესი, რასაც გამოხატავს კანონთა ეს პაკეტი, რომელიც შემოტანილ იქნა „ქართული ოცნების“ მიერ, არის პოლიტიკური უძლურობის, ნგრევის და დეგრადაციის გამოხატულება,“ – განაცხადა წიკლაურმა.
მან ასევე „თბილისის მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩვენ ვხედავთ „პოლიციის მხრიდან მოქალაქეების სიძულვილს“.
„ზვიად ხარაზიშვილი არის ხელისუფლების სიმბოლო. როგორც ხელისუფლებას აქვს გადაწყვეტილი ესაუბროს ხალხს, იმის გამოხატულება არის მისი სიტყვებიც, გინება, ფიზიკური შეურაცხყოფა და სიძულვილი. ყველაზე უფრო მძიმე, რაც ამ აქციების განმავლობაში ყველას თვალში გვხვდება, ეს არის პოლიციის მხრიდან მოქალაქეების სიძულვილი. კარგი, გავიგეთ, რომ ვთქვათ, თვე-ნახევრის წინ მაშხალები იყო, მომიტინგეები ისროდნენ ქვებს, მაგრამ გუშინ წინ რომ აქცია იყო, იქ ხომ ყველა მომიტინგე იყო მშვიდობიანი?! ჩვენ ხომ ვნახეთ გამხეცებული სიძულვილი ამ ადამიანების მიმართ? ქალების მიმართ?! 9 აპრილი გვინახავს ამ ქვეყანაში და 9 აპრილის დროს ასეთი სიძულვილი და გამხეცება შეინიშნებოდა ზუსტად ლებედის რაზმის მოქმედებებში. ახლაც ასეთივე სიძულვილია,“ – აღნიშნა მან.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას “დუბინკებით” ვერ შეინარჩუნებს.
„ერთ ცნობილ ავტორს მიაწერენ სიტყვებს, რომ ხიშტებით შეიძლება მოიპოვო ხელისუფლება, მაგრამ ხიშტებზე დიდხანს ჯდომა არის შეუძლებელი. როდესაც „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ხიშტები, ძალადობა, ადამიანების შეურაცხყოფა, გინება, ციხეებში ჩასმა დარჩა ხალხთან საუბრის მთავარ არგუმენტებთან, შეუძლებელია, რომ ამ გზით ხელისუფლება იქნას შენარჩუნებული,“ – განაცხადა წიკლაურმა.
ამასთან, მან გადაცემაში საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის დღევანდელ მოხსენებაზე ისაუბრა და გამაცხადა, რომ მისი პარლამენტში გამოსვლისგან არაფერს ელის და ერთადერთი, რაც ყაველაშვილის გამონათქვამებიდან ახსოვს, არის „გულწრფელი დაგინება პარლამენტის კედლებში“.
„თვითონ ეს სიტყვათა შეთანხმება – „მიხეილ ყაველაშვილის მოხსენება“ გამოხატავს იმ დრამას, რომელშიც ახლა ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ. შეუძლებელია, რომ მიხეილ ყაველაშვილმა ან აზრი გამოთქვას, ან რამე მოახსენოს საზოგადოებას. ერთი, რაც მახსოვს, მართლა გულწრფელი მისი გამონათქვამებიდან, იყო დაგინება პარლამენტის კედლებში. თუ ასევე გაგრძელდება მისი მოხსენება ვერაფერს გეტყვით… შეიძლება ხელისუფლებამ, რომელიც თავისთავად „დიფ სთეითებზე“ ლაპარაკობს, მასაც ათქმევინოს ასეთი რამე, ვითომდა პრეზიდენტის დონეზე. ისე შეუძლებელია რომ მიხეილ ყაველაშვილისგან რამეს მოელოდეს ადამიანი,“ – აღნიშნა წიკლაურმა.
