სახელმწიფო, ასევე, კერძო შენობებისთვის ცეცხლის წაკიდება და საერთოდ, ცეცხლის გაჩენა არ მგონია, რომ სწორი და ადეკვატური საქციელია პოლიტიკოსისთვის – ეს არის ერთი ადამიანის საქციელი. ვერავითარი მცდელობები, რომ მთლიანად ოპოზიციას გაუტეხონ სახელი, ევროკავშირის წინააღმდეგ გამოიყენონ ეს, ვერ იქნება წარმატებული, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რითაც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები ცდილობენ მომხდარი ევროპას, ევროპელებს, საფრანგეთს, იტალიას დაუკავშირონ, არის დასაგმობი.
„რამდენადაც მესმის, ეტყობა, ის რასაც ანახებენ, გარკვეულწილად, შეესაბამება სიმართლეს. იმიტომ, რომ მისი პარტიის წევრმა, ასევე მისმა პარტიამ და ადვოკატმაც არ უარყვეს მომხდარი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის სრულიად ფანტასტიკური რამ, ფილმებში თუ ნახავთ, რაც ჩვენ გამოქვეყნებულ მასალაში ვიხილეთ, დაველოდებოდი ალეკო ელისაშვილის განმარტებებს. როგორც ვიცი, მალე იქნება მისი სასამართლო და ალბათ, თვითონ შეეცდება, რომ ფარდა ახადოს დამალულ გარემოებებს, თუ ასეთი არსებობს. თავისთავად რაიმე შენობის გადაწვა, სახელმწიფო იქნება თუ რაიმე კერძო, ვერასდროს ვერ იქნება მისასალმებელი ამბავი. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია ჩაცმულობასთან დაკავშირებით და სხვადასხვა ეჭვები გამოითქვა, მე დაველოდებოდი ალეკო ელისაშვილს. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ მისი პოლიტიკური პარტია, „ლელო“ გამოვიდა და მკაფიოდ გაემიჯნა ალეკო ელისაშვილს, ასევე, რაც მოვისმინეთ მისი თანაპარტიელისგან, რომ არ უარყოფს იმას რაც მოხდა, შესაძლოა, ეს მართლაც ასე მოხდა.
სახელმწიფო, ასევე კერძო შენობებისთვის ცეცხლის წაკიდება და საერთოდ ცეცხლის გაჩენა არ მგონია, რომ სწორი და ადეკვატური საქციელია პოლიტიკოსისთვის. უნდა გავიხსენოთ, რომ ალეკო ელისაშვილი, მისი პოლიტიკური პარტია, ერთი თვის წინ, ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიას, ვინც არჩევნებში არ მონაწილეობდა, რადიკალებს უწოდებდნენ. ამ მიმართებებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით გასაკვირია ის საქციელი, რომელიც ჩვენ ვნახეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, მე მაინც დაველოდებოდი თვით ალეკო ელისაშვილის განმარტებებს, გამომდინარე იქიდან, რომ მრავალჯერ გვინახავს ხელისუფლება როგორ მანიპულაციურად ცდილობს რაღაც სურათის გადაკეთებას იმისთვის, რომ სხვადასხვა ბრალი წარუდგინოს სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანებს.
რაც შეეხება მომხდარზე პოლიტიკურ განცხადებებს, პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა და პირდაპირ ევროკავშირთან იქნა დაკავშირებული ის მოქმედებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა. ის ნარატივი, რომ ევროკავშირი არის ომის პარტია, იქნა გაძლიერებული ალეკო ელისაშვილის ამ მოქმედებით. ეს სრულიად ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ მაშინაც კი როცა, შესაძლოა, საზოგადოება ერთიანი იყოს და თქვას, რომ არ შეიძლება ხანძრების მოწყობა ქვეყანაში, მაშინაც კი სრულიად ცხადად ჩანს, რომ პოლიტიკური სურვილების დაკმაყოფილების და პოლიტიკური მისწრაფებების გამაგრებისთვის ამას „ქართული ოცნება“ იყენებს. ეს არის პირდაპირ დასაგმობი. პაპუაშვილის სამარცხვინო საქციელი გახლავთ ის, რომ ახლა ცდილობენ, რომ ევროპას, ევროპელებს, საფრანგეთს, იტალიას დაუკავშირონ ის, რაც აქ მოხდა. კიდევ ერთხელ ვხედავთ მცდელობებს საქართველო დააშორონ ევროპას და რა თქმა უნდა, იქნება მცდელობები, რომ ეს ძალიან სამწუხარო ინციდენტი გამოყენებული იყოს მთლიანად ოპოზიციის წინააღმდეგ, მისი სახელის გასატეხად. პირდაპირ ვიტყვი, რომ ამის განვრცობა ოპოზიციაზე მთლიანად ვერ მოხდება, ეს არის ერთი ადამიანის საქციელი. ვერავითარი მცდელობები, რომ მთლიანად ოპოზიციას გაუტეხონ სახელი, ევროკავშირის წინააღმდეგ გამოიყენონ ეს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ გამოიყენონ, ვერ იქნება წარმატებული“, – განაცხადა წიკლაურმა.
რაც შეეხება 28 ნოემბერს გამართულ აქციას, წიკლაურმა აღნიშნა, რომ საზოგადოებამ კარგად გააცნობიერა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში თბილისის ქუჩებში წყდება საქართველოს ბედი.
„ერთი წლის ტერორის თავზე, ციხეში არის ამდენი პოლიტიკური პატიმარი, არიან აქტივისტები, ამდენი ცემის, „დუბიკების“ გამოყენების შემდეგ, ხალხმა თქვა, რომ არ იცვლება მისი მთავარი სურვილები. საქართველოს გზა თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ კვლავ მხარდაჭერილია ქართული საზოგადოების მიერ. ეს იყო უმნიშვნელოვანესი გზავნილი. მე არ ველოდი, რომ ამ რაოდენობის ხალხი გამოვიდოდა ქუჩაში. თუმცა, როგორც ჩანს, იმ ვითარებაში, როცა ასეთი ეგზისტენციალური საფრთხეები გაჩნდა, როცა არასამთავრობო ორგანიზაციებს კრძალავენ, პოლიტიკურ პარტიებს კრძალავენ, ცალკეულ პოლიტიკურ ლიდერებზე მიმდინარეობს თავდასხმები, ციხეშია ჩვენი პარტიის ოთხივე პოლიტიკური ლიდერი, ხალხს აქვს განცდა, რომ ის ამ გამოსვლით იცავს კიდევ უფრო მნიშვნელოვან რაღაცას. კიდევ უფრო არსებით, ვიდრე არის ცალკეულ პარტიებსა და აქტივისტებზე თავდასხმა. ყველამ კარგად გააცნობიერა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში თბილისის ქუჩებში წყდება ნამდვილად საქართველოს ბედი, ორიენტაციის საკითხი, სად ვიქნებით ჩვენ, ვიქნებით რუსული ჭაობის უსახო ნაწილი თუ ვიქნებით ცივილიზებული სამყაროს ღირსეული და სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა წიკლაურმა.
გარდა ამისა, მან გადაცემაში სტუმრობისას სხვა თემებზეც, მათ შორის „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელის ვლადიმერ სტეფანიანისთვის 2-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მიმდინარეობს ფულის ამოღება“.
„კრისტალ ჯგუფთან“ დაკავშირებით არის ტრაგიკომიკური ვითარება. ადამიანს ედავებიან თითქოს უკანონოდ აშენებდა რაღაც შენობებს და სინამდვილეში იმ შენონების გახსნაზე, რასაც ედავებიან, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, სხვადასხვა მინისტრები იყვნენ ჩასულები, საზეიმო ვითარებაში ჭრიდნენ ლენტებს. მიმდინარეობს ფულის ამოღება და ესეც გახლავთ იმის დადასტურება, რომ მათ აქვთ ძალიან მძიმე ეკონომიკური კრიზისი. მიმდინარეობს ფულის ამოღება. ვნახეთ რიჟვაძის შემთხვევა, როდესაც პირდაპირ გასროლა მოხდა იქ, სადაც შეთანხმება ვერ მოხდა ამ ფულის ამოღებაზე. ვნახეთ ღარიბაშვილის სახლი, სადაც 20 მილიონი ლარი ინახებოდა. ვნახეთ სხვა მინისტრების სახლები, სადაც ოქროს ზოდები არის შენახული. ეს არის მძარცველების პარტია. ეს არის ერთის მხრივ თაღლითების, მაგრამ მეორე მხრივ მძარცველების პარტია. ახლა როცა ასეთი პრობლემები აქვს ივანიშვილს საერთაშორისო ასპარეზზე, ვერ ახერხებს ასობით მილიონის დაბრუნებას, ცდილობს იმ ადამიანებს ვინც იყვნენ კორუფციაში მასთან ერთად ჩაფლულები, წაართვას ფული და შეინარჩუნოს თავისი ხელისუფლების მეტი სიმყარე“, – განაცხადა წიკლაურმა.




