რა თქმა უნდა, როგორ არ უნდა ვიდარდო [ივანიშვილის დასანქცირებაზე] იმიტომ, რომ კაცია, რომელიც უდგას ამ ქვეყანას სათავეში და მაგრად უდგას, – ასე უპასუხა ბიზნესმენმა ნოშრევან ნამორაძემ ჟურნალისტების კითხვას, ეხმარება თუ არა ბიძინა ივანიშვილს სანქციებისგან თავის დაცვაში.
მანამდე, მან კონკრეტულ მედიასაშუალებებს მიმართა.
„გადავწყვიტე, რომ თქვენ კომენტარი საერთოდ არ მოგცეთ, არც თქვენ [ტვ.პირველს] და არც „ფორმულას“. რაღაც ადამიანობა არ გაქვთ? როგორ შეიძლება ადამიანს ასე გაუმწაროთ ცხოვრება, ასეთ დონეზე?!“ განაცხადა ნოშრევან ნამორაძემ.
მან, ასევე, ბრიტანეთში მისი ვიზიტის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
„ზრდასრული ადამიანი ვარ. სადაც მინდა, იქ წავალ და იქ ვიქნები. 18 წელს გადავცილდი… 18 წელს გადავცილდი-მეთქი, ვარ ზრდასრული? სადაც მინდა იქ წავალ“, – განაცხადა ნამორაძემ.
კითხვაზე, ეხმარება თუ არა ბიძინა ივანიშვილს სანქციებისგან თავის დაცვაში, ასე უპასუხა:
„თქვენ ნუ დარდობთ,თქვენ იდარდეთ აი, ასეთ მოქმედებებზე, რასაც თქვენ შვრებით. რა თქმა უნდა, როგორ არ უნდა ვიდარდო [ივანიშვილის დასანქცირებაზე] იმიტომ, რომ კაცია, რომელიც უდგას ამ ქვეყანას სათავეში და მაგრად უდგას. თქვენ რასაც უშვრებით ოჯახებს, ცოტა ხნის წინ, მე რა მიქენით?! მეუბნებით, „გაიქეციო“, „იმალება“, “დატოვა“ – ეს ჩემი ნათქვამია?! თქვენ ხართ უსირცხვილოები“, – განაცხადა ნამორაძემ.
