ნოშიკო ნამორაძის საქართველოში უმაღლესი ცათამბჯენის მშენებლობის დასრულების ვადამ 2 წლით, 2031 წლამდე გადაიწია

ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე ვაკეში, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, 260 მეტრიან, საქართველოში უმაღლეს ცათამბჯენს აშენებს.„ვი არ ვაკე თაუერსს“ მშენებლობა 2029 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც, კომპანიის ვებ გვერდიდან ირკვევა, ვადამ 2031 წლის დეკემბრამდე გადაიწია.ბიზნესმენის კომპანია VR Holding-ის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ჭავჭავაძის 49-ში, ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ადგილას, პრემიუმ კლასის, თანამედროვე გეგმარების მქონე პროექტის VR Vake Skyview Tower-ი განთავსდება.პროექტი 2ჰა მოიცავს, საცხოვრებელი სართულების რაოდენობამ 57-ს, ხოლო ბინების საერთო რაოდენობა 843-ს შეადგენს.„VR Vake Sky Tower არის 260 მეტრიანი, თბილისში ყველაზე მაღალი შენობა. კომპანიის მიზანია VR Vake Sky Tower იქცეს თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების მიზიდულობის ეპიცენტრად, შექმნას ათეულობით სამუშაო ადგილი, მნიშვნელოვანი ფინანსური კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკაში და მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები. VR VAKE SKY TOWER-ის პროექტი არსებული გზებისა და ინფრასტრუქტურის განახლება-გაჯანსაღებას მოიცავს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზების გაფართოება, სარეკრეაციო, მოსასვენებელი სივრცეებისა და სკვერების გაშენება, დამატებითი საპარკინგე ადგილების მოწყობა, რომლითაც სარგებლობას მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებიც შეძლებენ. აღსანიშნია, რომ მულტიფუნქციური კომპლექსის ბოლო სართულზე, რეგიონში ყველაზე მაღალ ნიშნულზე არსებული ინფინიტი აუზი განთავსდება. ამ პროექტში განთავსდება VR VAKE SKY TOWER Apartments-ის 5-ვარსკვლავიანი აპარტამენტები, რომლებიც გრძელვადიან გაქირავებაზე იქნება გათვლილი და მათ მფლობელებს კომპლექსის ყველა უპირატესობით სარგებლობა შეეძლებათ“, – წერია პროექტის აღწერაში.კომპანიის ინფორმაციით, წინასწარი ჯავშნების (EOI) მიღება უკვე დაიწყო.ცნობისთვის, ტერიტორია შპს „ვი არ ვაკე თაუერსმა“ 2022 წელს  იყიდა. კომპანიაც 2022 წელს დაფუძნდა და მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძეა.