ნორვეგიის საგარეო უწყება მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, არაერთი ოფიციალური უწყების, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციისა და ასობით ჟურნალისტის მსგავსად, ითხოვს, გათავისუფლდეს საქართველოში პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი, „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი.
„[დღეს] სახელგანთქმული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-18 დღეა“, – წერს ნორვეგიის საგარეო სამინისტრო პლატფორმა X-ზე.
„გაუმართლებელი წინასწარი პატიმრობა კიდევ ერთი მაგალითია მედიის წარმომადგენლების, აქტივისტებისა და მომიტინგეების მიმართ მკაცრი რეპრესიებისა“, – აცხადებს სამინისტრო.
29 იანვარსვე ევროკავშირმა სოლიდარობა გამოუცხადა მზია ამაღლობელს, ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორს, რომელიც ციხეში უკვე მე-18 დღეა შიმშილობს.
· „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
მზია ამაღლობელი ჯერ 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრაციული წესით, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით.
მზია ამაღლობელს ს პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
· როგორც მზია ამაღლობელის მეგობრები და კოლეგები ამბობენ, მას აქვს რამდენიმე სახის ქრონიკული დაავადება;
· ასობით საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან;
· უსამართლო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი – ასე აფასებენ იურისტები ამაღლობელის დაპატიმრებას და ბრალდებას და ამბობენ, რომ ალიყური, იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.