ნორვეგიის კონსერვატიული ოპოზიციის ლიდერის თქმით, ქვეყანა ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს

ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის ლიდერი, ინე მარი ერიკსენ სორეიდეGetty Images/AFP/E. Dunandნორვეგიის ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის ლიდერმა Politico-სთან საუბრისას განაცხადა, რომ უსაფრთხოების მხრივ საერთო გამოწვევების ფონზე, კერძოდ, რუსეთის გამო, ნორვეგიამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ხელახლა უნდა შეიტანოს.
ცნობისთვის, ნორვეგიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი პირველად 1992 წელს გააკეთა, თუმცა ორი წლის შემდეგ რეფერენდუმის შედეგად ქვეყანამ წევრობაზე უარი თქვა. მას შემდეგ ნორვეგია ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) წევრი გახდა, რაც ევროკავშირის წესებისა და რეგულაციების დანერგვას გულისხმობდა.
თუმცა, თებერვალში ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის ლიდერად არჩეული ინე ერიკსენ სორეიდე ინტერვიუში ამბობს, რომ მსოფლიოში მზარდი საფრთხეებისა და გახშირებული ომების გამო, ნორვეგიასა და ევროკავშირს ამჟამინდელი ურთიერთობა მიზანს ვეღარ ემსახურება.
“ჩემი და ჩემი პარტიის აზრით, ჩვენთვის საუკეთესო იქნებოდა ევროკავშირის სრული წევრობა,” აღნიშნა მან Politico-სთან ინტერვიუში.
“მე თანმიმდევრულად ვლაპარაკობდი კონსტრუქციული დებატის საჭიროებებზე, რომლის ამოსავალი წერტილიც ახლანდელი ევროკავშირია და არა ისეთი, როგორიც 1994 წელს იყო,” აღნიშნა სორეიდემ და დაამატა, რომ ნორვეგიის ინტერესები ევროკავშირის წევრობაშია.
ამას გარდა, ევროკავშირში ნორვეგიის გაწევრიანების კიდევ ერთ გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, ბლოკში ისლანდიის პოტენციური განაცხადი გახდეს.
“თუ ისლანდია რეფერენდუმით გადაწყვეტს მოლაპარაკებების განახლებას, ეს ძალზე განსხვავებული თამაში იქნება. არ ვგულისხმობ, რომ რასაც ისლანდია გადაწყვეტს, თავის მხრივ, ნორვეგიელების აზრს შეცვლის, მაგრამ ამან შესაძლოა, გარკვეული ინსტიტუციური ცვლილებები გამოიწვიოს და ევროკავშირისთვის გარკვეულწილად განსხვავებული მიდგომა ჩამოაყალიბოს, რაც უფრო გაართულებს ჩვენთვის [ევროკავშირის] გარეთ ყოფნას.” – თქვა მან.
სორეიდემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის მიერ ნორვეგიიდან იმპორტზე დაწესებულმა შეზღუდვებმა “მკაფიოდ აჩვენა, რომ ჩვენ შიდა ბაზრის ნაწილი ვართ, მაგრამ ეს ვერ დაგვეხმარება, თუკი გარედან ისეთი რამ გამოჩნდება, როგორიც აღნიშნული პროტექციონისტული ზომებია.”
ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით სორეიდამ აღნიშნა, რომ, დიდი ალბათობით, ეს “მყისიერად” ვერ მოხდება. Politico წერს, რომ ნორვეგიის ამჟამინდელ ლეიბორისტულ მთავრობას არ გამოუხატავს ინტერესი წევრობის შესახებ დებატების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო მომდევნო საპარლამენტო 2029 წლამდე არ იგეგმება. თუმცა, სორეიდე ამბობს, რომ წევრობასთან დაკავშირებით ქვეყანაში დამოკიდებულება იცვლება.