ნორვეგიაში 15 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალური ქსელების გამოყენება აეკრძალებათ

ნორვეგიის ხელისუფლებამ ახალი რეგულაციის შემოღება გადაწყვიტა, რომლის მიხედვითაც 15 წლამდე ბავშვებს სოციალური მედიის გამოყენება აეკრძალებათ. პრემიერ-მინისტრ იონას გაჰრ სტერემის განცხადებით, მათი მიზანია მოზარდები „ალგორითმების ზემოქმედებისგან“ დაიცვან. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნები დესტრუქციული ინფორმაციისგან და სოციალური მედიის მავნე შინაარსისგან დაცული უნდა იყვნენ.
ნორვეგიაში უკვე შეზღუდულია 13 წლამდე ბავშვების წვდომა სოციალურ მედიაზე, თუმცა ცხრა წლის ბავშვების ნახევარზე მეტი, 10 წლის 58% და 11 წლის ბავშვების 72% კვლავ იყენებს მას.
მთავრობა გეგმავს ცვლილებების მიღებას, რომლის მიხედვითაც მომხმარებელს სოციალურ პლატფორმებზე პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლება მხოლოდ 15 წლის ასაკიდან შეეძლება. გარდა ამისა, ხელისუფლება აპირებს გაამკაცროს კონტროლი, რათა დაწესებული შეზღუდვები აღსრულდეს. ამ მიზნით სოციალურ ქსელებში ასაკის გადამოწმების შემოღება იგეგმება.
ნორვეგია არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ბავშვების მიერ სოციალურ ქსელებზე წვდომის შესაზღუდად ზომებს იღებენ. სექტემბერში ავსტრალიის მთავრობამ განაცხადა, რომ ონლაინ საფრთხეებისგან არასრულწლოვნების დასაცავად კანონპროექტს მოამზადებდა. სოციალური ქსელებისა და სხვა ციფრული პლატფორმების გამოყენება გარკვეული ასაკიდან იქნება ნებადართული. დოკუმენტის მიღება 2024 წლის ბოლომდე იგეგმება.