ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მესამე სექტორის სარჩელი მომზადების პროცესშია

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით მესამე სექტორის სარჩელი მზადდება, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს დღეებში შეიტანენ.
როგორც ქურდოვანიძემ განმარტა, აღნიშნული სარჩელით არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, შეჩერდეს კანონის შესაბამისი ნორმები და ეს უნდა გადაწყდეს გონივრულ ვადაში.
რაც შეეხება აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელს, რომელსაც სავარაუდოდ აპირებს, რომ სასამართლოში შეიტანოს, როგორც ნონა ქურდოვანიძემ განმარტა, ს სარჩელს უშუალოდ არ იცნობს, თუმცა მისივე თქმით, ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილებას იყენებს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს იმიტომ, რომ აღნიშნული კანონი არის პრობლემური და ევროინტეგრაციის პროცესებს აფერხებს.
“სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი, ეს არის პირველი ეტაპი, რომელიც საქმემ უნდა გადალახოს და იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე სრულად აკმაყოფილებს ნებისმიერ ტექნიკურ გამართულობას, მისი ხელოვნურად შეფერხების რისკები შეიძლება არსებობდეს ნებისმიერ დროს, მაგრამ ამის სამართლებრივი საფუძვლები არ არის. ამიტომ, ჩვენი მოლოდინი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ამ სარჩელებს განსახილველად და მას განიხილავს. რაც შეეხება, თუ რა ვადაში განიხილავს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებით არ არის რაიმე კონკრეტული ვადა. რა თქმა უნდა, ჩვენ საქმეზე ჩვენ მოვითხოვთ იმას, რომ შეჩერდეს შესაბამისი ნორმები და ეს უნდა გადაწყდეს გონივრულ ვადაში. გონივრული ვადა იქნება დაახლოებით ერთი თვე, ალბათ, ვიდრე კანონი თავის რეპრესიულ ზომებს ინდივიდუალურად შეახებს ორგანიზაციებს და იმ პირებს ვისაც ეხება”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
რაც შეეხება მმართველი პარტიის განცხადებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გამჭვირვალე არ არის, უმეტეს მათგანს ვებ-გვერდი არ გააჩნია და არ აქვს დასახელებული არც დონორი და არც კონკრეტული პროექტების შესახებ აქვს ინფორმაცია მითითებული, ნონა ქურდოვანიძის თქმით, უშუალოდ საია-ს შესაბამისი შემოსავლები და ხარჯები დონორების მითითებით წლებია გამოქვეყნებული აქვს, რაც ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ვებგვერდსა და ანგარიშებში.
“ეს კანონი არ არის გამჭვირვალობაზე, რასაც კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი და ის, რაც გივი მიქანაძემ განაცხადა, არ ადასტურებს იმას, რომ კანონი გამჭვირვალობის პრობლემას აგვარებს. კანონი არის მასტიგმატიზირებელი, მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების, ნებისმიერი კრიტიკული ხმის გაჩუმება ქვეყანაში და მისი მიზანია ის, რომ საბოლოოდ და სამწუხაროდ, კანონის მიღების პირობებში საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.