ნონა ქურდოვანიძე – ძალიან ცუდი პრეცედენტია, როცა სასამართლო სისტემა ცდილობს, საკუთარი გავლენების გამოყენებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ დაუშვას ერთი განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანიც კი – ეს არის წარმოუდგენელი რამ!

საერთო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება პრეზიდენტის განკარგულება შეეჩერებინა და საერთოდ, ეს საქმე არ უნდა მიეღო წარმოებაში – ეს კონსტიტუციასთან სრულიად შეუსაბამოა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის წევრმა, საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ეს შეიძლება დროში გაიწელოს და იმის მოლოდინიც არ არსებობს, რომ აპელაცია გადაწყვეტილებას შეცვლის.
“რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი, როდესაც სამწუხაროდ, სასამართლო სისტემა ცდილობს, საკუთარი გავლენების გამოყენებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ დაუშვას ერთი განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანიც კი, რომელსაც არც კი შეეძლო იუსტიციის უმაღლესო საბჭოს საქმიანობაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში რაიმე არსებითი გავლენა მოეხდინა. უბრალოდ, მხოლოდ ის შეეძლო, რომ უფრო მეტი საჯაროობა მოეთხოვა, რაც ახლა არის ფაქტობრივად, განულებული, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო არც თანამშრომლობს საზოგადოებასთან, ორგანიზაციებთან, მედიასთან და საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციებს, როგორც წესი, ვერ ვიღებთ. დამოუკიდებელ წევრს შეეძლო კრიტიკული ხმა გაეჟღერებინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
ეს არის წარმოუდგენელი რამ, როდესაც კონსტიტუციის მთავარი დანაწესი, რომ პრეზიდენტია უფლებამოსილი დანიშნოს დამოუკიდებელი წევრი, მიითვისა საერთო სასამართლომ და მან გადაწყვიტა, რომ თვითონ გააკონტროლებს, ვინ გახდება პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი საერთო სასამართლოში,” – განაცხადა ქურდოვანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)

ბუნდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა