ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უკვე აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ დასავლეთ საქართველოში ხმის ფარულობის პრინციპი არ დარღვეულა, სისტემა არ დაუშვებს, რომ განსხვავებული პრაქტიკა არსებობდეს დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს სააპელაციო სასამართლოების მიერ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გადაწყვეტილებაც გამოცხადებულია, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრების განხილვის პროცესი ფორმალურად ამ დრომდე გრძელდება.
“დღეს (უკვე გუშინ) თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააერთიანა საიას 12 საქმე (40-მდე ოლქის წინააღმდეგ) და კოალიცია ,,ჩემი ხმის“ საქმეები.
პროცესის დაწყებისას, ვიშუამდგომლეთ, რომ საქმეები გამიჯნულიყო, რადგან ამ მოცულობის საქმეების ერთ საქმედ გაერთიანება არ იყო გონივრული და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას გამოიწვევდა. ასევე დავსვით კითხვები, როდესაც საჩივრები თავდაპირველად სხვადასხვა მოსამართლეს დაეწერა, რატომ მოხდა მათი გაერთიანება.
დიმიტრი გვრიტიშვილმა გვიპასუხა, რომ რადგან სააპელაციო სასამართლო საარჩევნო დავების განმხილველი ბოლო ინსტანციაა, არ იქნებოდა სწორი, ერთგვაროვან მოთხოვნებზე სხვადასხვა მოსამართლეს მიეღო გადაწყვეტილება, რადგან პრაქტიკა სხვადასხვაგვარი ვერ იქნებაო. ამით ფაქტიურად აღიარა, რომ სხვადასხვა მოსამართლესთან ამ საქმეების განხილვისას ალბათობა, რომ განსხვავებული გადაწყვეტილებები მიგვეღო, არსებობდა.
ახლა, როდესაც ეს პროცესი ჯერ ისევ გრძელდება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უკვე აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ დასავლეთ საქართველოში ხმის ფარულობის პრონციპი არ დარღვეულა.
რა თქმა უნდა, სისტემა არ დაუშვებს, რომ განსხვავებული პრაქტიკა არსებობდეს დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს სააპელაციო სასამართლოების მიერ და ფაქტიურად ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გადაწყვეტილებაც გამოცხადებულია. თუმცა, ფორმალურად პროცესი გრძელდება და მივყვებით ეტაპებს”, – წერს ქურდოვანიძე.
ინფორმაციისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო სარჩელების განხილვა 12 საათზე მეტია გრძელდება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ კი არასამთავრობო ორგანიზაციების – საიას და “ჩემი ხმა” სარჩელები არ დააკმაყოფილა. კერძოდ, საიას ინფორმაციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა, რომელიც “არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევას შეეხებოდა”.
მანამდე საიას თავმჯდომარე საუბროდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების გაჭიანურებაზე. როგორც ნონა ქურდოვანიძე წერდა, ” საყურადღებოა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გუშინ გამართულ სხდომაზე უკვე დასრულებული აქვს საქმის განხილვა, თუმცა, გადაწყევტილებას არ აცხადებს. ბოლო მონაცემებით, 18:00 საათზე უნდა გამოეცხადებინა, თუმცა, არ აცხადებს. სავარაუდოდ, ელოდებიან რას გადაწყვეტს თბილისის სააპელაციო სასამართლო”. აღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ საიას თავმჯდომარემ განაცხადა: “რა დამთხვევაა, რომ როდესაც თბილისის აპელაციამ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, ამ შუალედში ქუთაისის აპელაციამ გადაწყვეტილება გამოაცხადა და თქვა, რომ დასავლეთ საქართველოში ხმის ფარულობა არ დარღვეულა”.