ნონა ქურდოვანიძე – გიორგი გახარიაზე თავდასხმა პოლიტიკური დევნის ნიშნებს შეიცავს და ძალადობის მუხლი, რითაც შსს-მ გამოძიება დაიწყო, მსუბუქია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, გიორგი გახარიაზე თავდასხმა პოლიტიკური დევნის ნიშნებს შეიცავს და ძალადობის მუხლი, რითაც -მ გამოძიება დაიწყო, მსუბუქია.
როგორც ქურდოვანიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ძალადობა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ნაწილი გახდა, დაუსჯელობა კი კრიმინალურ ვითარებას ახალისებს.
„შუალედი [გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის] იყო დაახლოებით 15 წუთი. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალადობის დაუსჯელობა, რომელსაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვხედავდით, ახალისებს კრიმინალურ ვითარებას და ძალადობა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ნაწილი გახდა, ის უკვე ასე ესაუბრება საზოგადოებას. თუ ამ ფაქტების დროულად გამოძიება არ მოხდება, პასუხისგებაში არ მისცემენ და სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყება ადამიანებზე, ვინც ამ ძალადობაში იყვნენ ჩართულები, ეს იქნება პასუხი კიდევ ერთხელ ჩვენს კითხვაზე – იყო თუ არა ეს ხელისუფლებისთვის სასურველი სცენარი ან წახალისებული მათი მხრიდან.
დიმიტრი სამხარაძე იყო „ქართული ოცნების“ ის დეპუტატი, რომელიც თვითონ საკუთარ „ფეისბუქზე“ საჯაროდ აქვეყნებდა ვიდეოს, როგორ დაესხნენ „ტიტუშკები“ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებს, როგორ დააზიანეს ფასადები „რუსული კანონის“ დროს. ამ ფაქტებზეც ამ დრომდე არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა. ეს დაუსჯელობა არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ნაწილი. ამ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სწორი კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს.
ეს არის დანაშაული, რომელსაც ჰყავს თვითმხილველები და თავად ადამიანსაც, რომელსაც დაესხნენ, სავარაუდოდ, შეუძლია ამოიცნოს პირები, რომელიც მონაწილეობდნენ ძალადობაში. კვალიფიკაციას რაც შეეხება, შსს-ს კვალიფიკაცია მსუბუქია იმასთან შედარებით, რასთანაც საქმე გვაქვს. ეს არ შეიძლება იყოს უბრალოდ ძალადობა. მას სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივი ჰქონდა. ზვიად ქორიძესთან მიმართებით კი ეს შეიძლება შეეხებოდეს მის საქმიანობას. ის „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ თანამშრომელია და შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს მის საქმიანობას. ამიტომ, ეს დანაშაული დევნის ნიშნებს შეიცვას. სხვა კვალიფიკაციის მქონე დანაშაულია – პოლიტიკური ნიშნით დევნა. ამიტომ ეს არა მხოლოდ შსს-ს, არამედ პროკურატურის პასუხისმგებლობაა, რომ სწორი ზედამხედველობის პირობებში, კვალიფიკაცია სწორად წარიმართოს ამ ქვედების, არ მოხდეს მტკიცებულებების განადგურება. შეიძლება ცალკე გამოძიების საგანი იყოს, თუ მტკიცებულებები განადგურებულია, თუმცა რა მტკიცებულებებიც ახლა არსებობს, დროულად უნდა იყოს ამოღებული. თუ სისხლის სამართლებრივი დევნა სწრაფად არ იქნება დაწყებული, ცალკეული პირების მიმართ, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ, პასუხი იქნება, რომ სიტყვებია მხოლოდ, რომ გამოძიება დაიწყო და რეალური ინტერესი არ არის, რომ ეს საქმე გამოძიებული იყოს“,- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
გარდა ამისა, ნონა ქურდოვანიძემ ისაუბრა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებისა და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების ფაქტზეც და აღნიშნა, რომ ამაღლობელი „საკუთარი საქმიანობის გამო ისჯება“.
„ეს ჩანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაში; ასევე, თუნდაც იმაში, რა ფაქტზეც მოხდა მისი თავდაპირველი დაკავება – ეს იყო სრულიად თვითნებური. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საფუძვლით დააკავეს პლაკატის გაკვრისთვის და თითქოს პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო. ეს დაკავება უკანონო იყო და შემდეგ ის გაათავისუფლეს. თუმცა მალევე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში მოხდა მისი დაკავება. გუშინ, სასამართლომ დაუსაბუთებლად, მხოლოდ იმიტომ, რომ პროკურორი ითხოვდა პატიმრობას, გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. პატიმრობის გამოყენება აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ზომაა და მისი გამოყენება მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, თუ შეუძლებელია სხვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენება და რისკებს ვერ დააზღვევს. რა რისკებზეა საუბარი – მაგალითად ის, მიიმალება თუ არა. სასამართლოს უნდა შეეფასებინა, მზია ამაღლობელი მიიმალებოდა თუ არა; რა გარემოებები არსებობს, რომ ის მიიმალებოდა, ან სხვა აღკვეთის ღონისძიება, თუნდაც გირაო ვერ დააზღვევდა რისკებს. მეორე საკითხია ის, რომ ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზე – რომელ მოწმეზე შეუძლია მზია ამაღლობელს, რომ გავლენა მოახდინოს, მაგალითად დგებუაძეზე შეუძლია გავლენის მოხდენა? კითხვებია კვალიფიკაციაზეც – ჩაითვლება თუ არა მისი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად. ამაზე მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა სასამართლოში.
ეს არ შეიძლება ჩაითვალოს თავდასხმად. არ შეიძლება სისხლის სამართლის წესით, ამ მუხლით წაუყენონ ბრალი ასეთი ქმედებისთვის. პოლიციელზე თავდასხმა დანაშაულია. პოლიციელზე თავდასხმა უნდა ისჯებოდეს, მაგრამ საუბარია იმაზე, ითვლება თუ არა ის ქმედება თავდასხმად, მით უმეტეს რომ, პოლიციელის გარემოცვაში იყო ადამიანი, რომელსაც მანამდე რამდენიმე წუთის წინ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის, თვითნებური დაკავების ისტორია ჰქონდა, უსამართლობის მსხვერპლი გახდა მანამდე“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.