უნგრეთის მმართველმა პარტიამ, ფიდესმა გადამდგარი ყოფილი პრეზიდენტის, კატალინ ნოვაკის ჩამნაცვლებლის კანდიდატად საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტი, თამაშ სულიოკი დაასახელა. უნგრეთის პარლამენტი ახალ პრეზიდენტს 26 თებერვალს აირჩევს.
პარტიის საპარლამენტო ჯგუფის ლიდერის, მათე კოჩიშის თქმით, სულიოკი ერთადერთი კანდიდატი იქნება, რადგან ოპოზიციურ პარტიებს საერთო კანდიდატი არ დაუსახელებიათ, ხოლო ცალკეული პარტიების მიერ წარდგენილ პირებს 40 დეპუტატზე ნაკლები ემხრობოდათ, რაც 199-კაციან პარლამენტში პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის საჭირო მინიმუმს წარმოადგენს.
პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა სულიოკის კვალიფიკაცია შეაქო და თქვა, რომ კანდიდატურისთვის ყველაზე შესაფერისი პიროვნებაა.
“გვჯერა, რომ გამოცდილებამ, უნარებმა კონსტიტუციურ და იურიდიულ საკითხებში, საერთაშორისო სამართლის ცოდნამ და შესაბამისმა განვლილმა კარიერულმა გზამ თამაშ სულიოკი ყველაზე შესაფერის კანდიდატად გახადა”. – თქვა ორბანმა.
67 წლის სულიოკი იურისტად მუშაობდა, სანამ 2014 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გახდა და 2016-ში მის პრეზიდენტად დაინიშნა.
უნგრეთის ყოფილი პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი გადადგა მას შემდეგ, რაც მის მიერ ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში თანამზრახველის შეწყალებას დიდი სკანდალი მოჰყვა.
სკანდალს გამოეხმაურა ვიქტორ ორბანიც და თქვა, რომ მთავრობის სახელით საკონსტიტუციო შესწორება წარადგინა, რომელიც ბავშვებზე სექსუალური ძალადობისთვის გასამართლებული ნებისმიერი მსჯავრდებულის შეწყალებას კრძალავს.