ნოემბრის შუა რიცხვებისთვის უკვე იქნება ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმი და კონსტიტუციით დადგენილ ათი დღის ვადაში ახალი პარლამენტი პირველ სხდომაზე შეიკრიბება – შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი აცხადებს:
,,დღეს თითქმის ბოლომდე დასრულდა შედეგების დათვლა, მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს ეს მნიშვნელოვანი შედეგი. ყველა, ვინც ამ არჩევნებში იყო ჩართული, ვგულისხმობ, საარჩევნო სუბიექტებს, მეტ-ნაკლებად რეფერენდუმზე საუბრობდა და ეს რეფერენდუმი შედგა, ქართველმა ხალხმა თავისი ვერდიქტი გამოიტანა ამ რეფერენდუმზე იმით, რომ მხარი დაუჭირა საქართველოს მშვიდ განვითარებას, ისე რომ, მისი კეთილდღეობა იქნას უზრუნველყოფილი, საქართველოს განვითარებას ევროპის მიმართულებით ისე, რომ ევროკავშირში შევიდეთ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ არჩევნებში. „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, 2012 წლის შედეგები გაიმეორა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ეს პრინციპული არჩევნები იყო ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ მიიღეს პრინციპული გადაწყვეტილება. ახლა მიდის პროცედურები თავად საარჩევნო კომისიაში, დასრულდება დათვლა, სხვა პროცესები საჩივრებთან დაკავშირებით, ნოემბრის შუა რიცხვებისთვის უკვე იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი და კონსტიტუციით დადგენილ 10 დღის ვადაში პარლამენტი შეიკრიბება თავის პირველ სხდომაზე“