ნოემბერში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში, ყველაზე ნაკლები კი მთაწმინდაზე გაიყიდა

2023 წლის ნოემბერში თბილისში 3,300 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 14.9% და თვიურად 0.8%-იანი კლებაა. Galt&Taggart – ის უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, წლიური კლების ძირითადი მიზეზი წინა წლის მაღალი ბაზაა.
დოკუმენტის მიხედვით, ნოემბერში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში, საბურთალოზე და სამგორში გაიყიდა, ყველაზე ნაკლები კი მთაწმინდაზე, ჩუღურეთსა და ვაშლიჯვარში.
„ნოემბერში, წინა თვეების მსგავსად, ყველაზე მცირედით ბინების გაყიდვებმა პირველად ბაზარზე იკლო (-6.1% წ/წ), ხოლო, მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 21.4%-ით შემცირდა. მეორად ბაზარზე გაყიდვების მნიშვნელოვანი ვარდნა სპეკულაციური ყიდვა-გაქირავების პერიოდის დასრულებაზე მიუთითებს, რაც გამოწვეულია ქირის, და შესაბამისად შემოსავლიანობის, ეტაპობრივი კლებით, რომლებიც ჯანსაღ დონეს უბრუნდებიან.
2023 წლის ნოემბერში ბინების გაყიდვების ზრდა დაფიქსირდა მხოლოდ ნაძალადევისა და დიდუბის რაიონებში, რაც უპირატესად გამოწვეულია პირველად ბაზარზე გაზრდილი გაყიდვებით. ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა – გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801 – 1,800) წილის ზრდა, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით. ჯამურად 2023 წლის 11 თვეში გაიყიდა 36,283 ბინა, რაც წლიურად 7.3% კლებაა (მიზეზი რეკორდულად მაღალი ბაზაა).
თუმცა, ეს მაჩვენებელი წარმოადგენს 12.0%-იან ზრდას 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, რაც მიუთითებს ისევ მდგრად მოთხოვნაზე უძრავი ქონების სექტორში“, – ნათქვამია მიმოხილვაში.

ასევე დაგაინტერესებთ