„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში არის მითითება იმაზე, რომ არანაირ კომპრომისზე წასვლას „ქართული ოცნება“ არ აპირებს , – ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
ნოდარ ხარშილაძის თქმით, პოლიტსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ საბჭოთა მიდგომის მსგავსად, ქვეყანა და პარტიაა გააიგივოს.
„რამდენიმე პრობლემა აქვს „ქართულ ოცნებას“, ჯერ ამ განცხადების აზრს შევხედოთ, რატომ გააკეთეს საკმაოდ ბოდვითი განცხადება? – თუ ყურადღებით წავიკითხავთ განცხადებას, ვნახავთ, რომ საკუთარ თავს აიგივებენ ქვეყანასთან. არავინ აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, აკეთებენ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო განცხადებებს და პარტია და ქვეყანა სხვადასხვა რამეა. ეს არის საბჭოთა მიდგომა, როცა პარტიას აიგივებ სახელმწიფოსთან. „ქართული ოცნება“ ცდილობს წარმოაჩინოს, რომ „მე თუ მირტყამ, ე.ი. ურტყამ საქართველოს და ჩემ წინააღმდეგ მოქმედება არის საქართველოს წინააღმდეგ მოქმედება“. ეს არის პირველი, რასაც ცდილობენ ამ განცხადებით გააკეთონ.
მეორე, ხომ ამბობდნენ, რომ 20 იანვარი დადგება და ყველა პრობლემა მოგვეხსნება, შეცვლილია ეს რიტორიკა. ამბობენ, რომ შეიძლება ეს ასე არ მოხდეს. მესამე, რაც ასევე მნიშვნელოვანია ამ განცხადებაში, ეს არის მითითება იმაზე, რომ არანაირ კომპრომისზე წასვლას „ქართული ოცნება“ არ აპირებს. ეს არის სიგიჟეში გადასული განცხადება.
დღეს ევროკავშირში ადამიანის ცხოვრების სტანდარტი არის ყველაზე მაღალი, რაც კი ოდესმე სადმე ყოფილა დედამიწის ზურგზე და ის არის ლიბერალურ ფასეულობებზე დაფუძნებული ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემა და თუ ეს ყველაფერი არ ვარგა, მაგის ალტერნატივა არის რუსეთი“, – განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.