იმ ადამიანებმა, ვისაც ძალით მიიყვანს „ქართული ოცნება“ არჩევნებზე, უნდა ქნან ყველაფერი „41“-ის გაფერადების გარდა – რაც უნდათ ის უქნან იმ ბიულეტენს, გარდა იმისა, რომ შემოხაზონ „41“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ნოდარ ჩაჩანიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებით რეგიონებში ბევრ მოქალაქეს, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილს, რიგი ფაქტორის გამო, მოუწევს 4 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლა და „ამას „ქართული ოცნება“ გააკეთებს“.
„მადლობას ვუხდი მოქალაქეებს, რომლებსაც თავისუფლება აქვთ, რომ არ მივიდნენ იქ. ვიცით, რასაც ნიშნავს ის, რომ არ მიხვიდე „ქართული ოცნების“ ამ სპეცოპერაციაზე. მაგრამ ვიცი, რომ ბევრ მოქალაქეს, განსაკუთრებით რეგიონებში, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილს, მოუწევს ამ არჩევნებზე მისვლა – ამას გააკეთებს „ქართული ოცნება“. მინდა მათ ვუთხრა, მესმის, რომ ღია კაბინებია და რთულია სიტუაციაა, მესმის, რომ თავის თანასოფლელებს და მეზობლებს, რომლებსაც, შესაძლოა წლების განმავლობაში უმალავდნენ თავიანთ პოლიტიკურ არჩევანს, კიდევ ერთხელ უნდა შეხედონ იმ კაბინიდან თვალებში, თუმცა იმ ადამიანებმა, ვისაც ძალით მიიყვანს „ქართული ოცნება“ არჩევნებზე, უნდა ქნან ყველაფერი „41“-ის გაფერადების გარდა. რაც უნდათ ის უქნან იმ ბიულეტენს, გარდა იმისა, რომ შემოხაზონ „41“. მე ასე ვურჩევდი იმ ადამიანებს, ვისაც „ქართული ოცნება“ ამ სპეცოპერაციაზე მისვლას აიძულებს: იმ ღია კაბინებიდან ახედეთ თქვენს მეზობლებს, კოორდინატორებს, შეხედეთ თვალებში, თუ გინდათ, გაუღიმეთ, თუმცა გააკეთეთ ყველაფერი გარდა იმისა, რომ გააფერადოთ „ქართული ოცნება“, – განაცხადა ნოდარ ჩაჩანიძე.
გარდა ამისა, ნოდარ ჩაჩანიძემ ისაუბრა 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ჩამოიშლება რეჟიმი, თუ 8 ოქტომბერს 16:00 საათზე, ეს არ იცის, თუმცა თუ ქვეყნის ევროპულ მომავალს რაიმე სჭირდება, ეს ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებაა.“
„დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე ძალიან ბევრი ადამიანი იქნება. საბოლოოდ, ჩვენ ჩამოშლისკენ მივდივართ. თუ ეს ჩამოიშლება 4-ში, 20:00 საათამდე, ძალიან გაგვიხარდება, 21:00-საათზე თუ ჩამოიშლება მაინც გაგვიხარდება. საჭიროა ის, რასაც 300 დღეა ვაკეთებთ. ქართული საზოგადოების და ოპოზიციის თანმიმდევრული ნაბიჯები რომ არ არსებობდეს, მოწმენდილ ცაზე ვერავინ გამოაცხადებდა, რომ 4 ოქტომბერს შევიკრიბოთო. ეს ყველაფერი გეგმაზომიერად, თანმიმდევრულად, ართანამშრომლობით და არაღიარებით მოდის. 4 ოქტომბერი თუ არის დღე, როცა ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში და იქნება ისეთი პროტესტი, როგორიც არ ყოფილა არასდროს, ეს არის ჩვენი და ამ 300 დღის დამსახურება, თუმცა, 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ჩამოიშლება რეჟიმი, თუ 8 ოქტომბერს 16:00 საათზე, ეს რა თქმა უნდა, არ ვიცი და ამის პირობას და განცხადებას მე, როგორც პარტია „ახალის“ წევრი, ვერ გავაკეთებ. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ. ამ დღეს რაღაც დასრულდება თუ დაიწყება პროცესი, რომელიც რეჟიმს ჩამოშლილს, ამას ვნახავთ. თუმცა არ მინდა, რომ ვინმეს იმედი გაუცრუვდეს, თუ 4 ოქტომბერს ყველაფერი არ დასრულდა. მნიშვნელოვანია, პროტესტი გაგრძელდეს. ასეთი რეჟიმების ჩამოშლისთვის უწყვეტ პროტესტზე კარგი წამალი უბრალოდ არ არსებობს.
ჩვენს ევროპულ გზას, ოპოზიციურ პარტიებს, ვინც ამ გზას მხარს უჭერს, არ გვაწყობს რევოლუციის გზით ცვლილება. თუ ქვეყნის ევროპულ მომავალს რაიმე სჭირდება, ეს ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებაა. რეჟიმი ჩამოშლამდე უნდა მივიყვანოთ და ამის შემდეგ ის არჩევნები დაინიშნება, რომლითაც რეჟიმებს ასრულებენ თავის ყოფას“, – განაცხადა ჩაჩანიძემ.
