51-მა ნობელის პრემიის ლაურეატმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომლის ავტორებიც პოლიტიკოსებს უკრაინასა და ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების დასრულებისკენ მოუწოდებენ. მიმართვის ადრესატები არიან კონფლიქტების მხარეები და ასევე რომის პაპი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი, დალაი ლამა, გაერო, ევროპარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. დოკუმენტს “ნოვაია გაზეტა” აქვეყნებს.
ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის გარდა, მიმართვის ავტორები მოითხოვენ ყველა ტყვის გაცვლას, მძევლების გათავისუფლებას, გარდაცვლილთა ცხედრების შინ დაბრუნებას და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას.
მიმართვის ავტორები წერენ, რომ მსოფლიოში სულ მცირე 55 შეიარაღებული კონფლიქტი გრძელდება და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგებმა აფრიკაში შიმშილის გამწვავება გამოიწვია. ნობელის პრემიის ლაურეატების აზრით, შეიარაღების გაზრდილი ხარჯები ტოლფარდია იმ ხარჯებისა, რომელიც მთელ პლანეტაზე 80 წლის განმავლობაში აღმოფხვრიდა შიმშილს.
“მიეცით ჩვენს შვილებს ჩვენ შემდეგ ცხოვრების საშუალება. მოდით ერთმანეთს კი ნუ დავხოცავთ, არამედ ვიხსნათ პლანეტა… თუ პოლიტიკოსები ვერ თანხმდებიან, დაე, მიანდონ ამ საკითხების გადაწყვეტა მომავალი თაობების სამსჯავროს და ცეცხლი შეწყვიტონ”, – ხაზგასმულია მიმართვის ტექსტში.
წერილის ავტორებს შორის არიან დიმიტრი მურატოვი, 2021 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, “ნოვაია გაზეტას “ყოფილი მთავარი რედაქტორი და ასევე ბელარუსი მწერალი სვიატლანა ალექსიევიჩი. მიმართვის ავტორთა სრული სია იხილეთ აქ.