ნობელის კომიტეტმა წლევანდელი ლაურეატის ვინაობა დღეს, 10 ოქტომბერს ოსლოში გამოაცხადა.
მარია კორინა მაჩადოს ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო პრემია მიენიჭა ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლებების დასაცავად დაუღალავი შრომისა და დიქტატურიდან დემოკრატიაზე სამართლიანი და მშვიდობიანი გადასვლის მისაღწევად ბრძოლისთვის.
58 წლის ვენესუელელი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე და ფილანტროპი მარია კორინა მაჩადო წლებია იბრძვის ნიკოლას მადუროს სოციალისტური მთავრობის წინააღმდეგ. 2011-2014 წლებში იყო ვენესუელის პარლამენტის დეპუტატი.
2024 წელს ვენესუელის სასამართლომ ოპოზიციური „ერთიანი დემოკრატიული პლატფორმის“ ლიდერ მარია კორინა მაჩადოს არ მისცა მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის უფლება, რის გამოც ოპოზიციის კანდიდატად წარდგენილი იყო ედმუნდო გონსალესი. 2024 წლის 28 ივლისს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების თანახმად, არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა სწორედ გონსალესმა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ გამარჯვებულად გამოაცხადა მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო.
ვენესუელის ოპოზიციამ მარია კორინა მაჩადოს ლიდერობით, არჩევნების შედეგები არ აღიარა, რასაც მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. არჩევნების ოფიციალური შედეგები არ აღიარეს არც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილმა და ევროკავშირმა.
2025 წელს ჟურნალმა Time-მა მარია კორინა მაჩადო შეიყვანა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში.
ფორუმი
