ნობელის კომიტეტს კლიმატის დარგში პრემიის დაწესების თხოვნით მიმართეს(bm.ge)

ნობელის კომიტეტს მოუწოდებენ, აღიაროს “ჩვენი დროის უდიდესი კრიზისი” და კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი პრემია დააწესოს.
კერძოდ, ხეების დარგვის ინიციატივით ცნობილი საძიებო სისტემა Ecosia შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიას მიმართავს წინადადებით, მომავალ წელს კლიმატისა და პლანეტარული ჯანმრთელობის დარგში ისტორიაში პირველი პრემია დააწესოს.
კომპანიამ ბერლინში, ნოტარიუსთან უკვე განათავსა 1 მილიონი ევრო, რომელიც მხოლოდ საპრიზო ფონდის შექმნას მოხმარდება. Ecosia აცხადებს, რომ მზადაა, დააფინანსოს “გრძელვადიანი ფონდი” ან თანხა გაიზიაროს სხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც “კლიმატური სამართლიანობისთვის” იბრძვიან, რათა კლიმატურმა გადაწყვეტილებებმა ნობელის პრემიების ოჯახში თავისი ადგილი დაიმკვიდროს.
ინიციატივის მიხედვით, ჯილდო იმავე პრინციპებს დაეყრდნობა, რომლითაც დღეს ეკონომიკის დარგში პრემია გაიცემა – კომიტეტის წევრები შესაბამის კანდიდატებს წარდგენილი ნომინანტებიდან შეარჩევენ.
Ecosia-ს განცხადებით, შეთავაზებული პრემიის მიზანია იმ ინდივიდების, გაერთიანებების ან კომპანიების დაფასება, რომლებმაც კლიმატური ინოვაციების, კლიმატის ცვლილების შერბილების, რეგულაციებისა თუ ადვოკატირების კუთხით “მნიშვნელოვანი ნაბიჯები” გადადგეს.
ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ამჟამად მხოლოდ ექვს კატეგორიას მოიცავს: ფიზიკა, ქიმია, მშვიდობა, ლიტერატურა, ეკონომიკა და ფიზიოლოგია/. 1968 წლის შემდეგ ნობელის პრემიას არცერთი კატეგორია არ დამატებია. მაშინ ჯილდოს დამფუძნებლის, ალფრედ ნობელის ხსოვნის პატივსაცემად ეკონომიკური მეცნიერებების პრემია შეიქმნა.
ლაურეატები ჯილდოს სახით დაახლოებით 1 მილიონ ევროს, ასევე უნიკალურ დიპლომსა და ოქროს მედალს იღებენ. თუმცა, კლიმატის ცვლილების მზარდი საფრთხის ფონზე, გარემოსდაცვითი მიღწევების აღიარების მოთხოვნა სულ უფრო ძლიერდება. კლიმატის საკითხებზე მომუშავე ლიდერები ამტკიცებენ, რომ მსოფლიოს არ აქვს უფლება, უგულებელყოს ისეთი გლობალური პლატფორმის საჭიროება, რომელიც კლიმატურ ქმედებებს წაახალისებს.