სულ ცოტა ხნის წინ ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა თასზე გამარჯვება იზეიმა, გუშინ კი ევროპა ლიგის გამარჯვებულ „ტოტემჰემს“ დაუპირისპირდა. გუნდები ევროპის სუპერთასისთვის იბრძოდნენ. ძირითადი დრო თანაბარი ანგარიშით 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი „პარი სენ-ჟერმენმა“ „ტოტემჰემი“ 4:3 დაამარცხა და ახალ სეზონში პირველი ტიტული მოიპოვა.
ეს გამარჯვება სტადიონზე ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად მისმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა იზეიმეს. სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა ხვიჩას მეუღლემ, ნიცა თავაძემ. ფოტოები კი ზურიკო დავითაშვილის მეუღლემ, მია გზირიშვილმა გაგვიზიარა.
ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.
ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.
ნიცა თავაძე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება და სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი, მაგალითად: სკოლა 2022 წელს დაამთავრა, შემდეგ კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე ხვიჩასთან ერთად ნეაპოლში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა.
ამჟამად წყვილი პარიზში ცხოვრობს. ნიცა პატარა დამიანესთან ერთად ყოველთვის ესწრება მეუღლის თამაშებს.
შვილის დაბადების შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მამა გავხდი. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, რომ ყველა განიცდის ასეთ ბედნიერებას ცხოვრებაში“.
