ნიუ-იორკში თვითმფრინავს გაქცეული ცხენის გამო აეროპორტში დაბრუნება მოუწია

აშშ-ში სატვირთო ბოინგ 747-ს აეროპორტში დაბრუნება მოუწია, რადგან ერთ-ერთმა ცხენმა, რომელიც მას გადაჰყავდა, ბორტზე მოწყობილი თავლიდან გაქცევა მოახერხა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი აფრენიდან 90 წუთში მოხდა, როდესაც თვითმფრინავი 9 ათასი მეტრის სიმაღლეზე იყო. რეისი ნიუ-იორკიდან ბელგიის მიმართულებით სრულდებოდა.
ვრცელდება მფრინავისა და ფრენის კონტროლის საუბრის აუდიოჩანაწერიც.
„თვითმფრინავის ბორტზე ცოცხალი ცხოველი – ცხენი გვყავს. ცხენმა გაქცევა მოახერხა. თავლაში უსაფრთხოდ ვერ ვაბრუნებთ“, – ამბობს პილოტი, რომელმაც თვითმფრინავი ჯონ კენედის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნა, სადაც მას ვეტერინარი დახვდა.
ამ დრომდე გაურკვეველია, როგორც მოახერხა ცხენმა გაქცევა, თუმცა, როდესაც თვითმფრინავი ნიუ-იორკში დაეშვა ის ბორტზე თავისუფლად გადაადგილდებოდა. ასევე უცნობია რისთვის გადაჰყავდა თვითმფრინავს ცხენები, თუმცა ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ საუბარი დოღისთვის განკუთვნილ ცხოველებზეა.
პრობლემის მოგვარების შემდეგ, ბოინგი იმავე დღეს გაფრინდა და ბელგიაში სხვა ინციდენტების გარეშე ჩაფრინდა.