„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრს ააშენებს – „გრგ დამტკიცებულია“

„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ თბილისში, ბოხუას ქუჩაზე სპორტული მედიცინის ცენტრს ააშენებს. კომპანია წლების განმავლობაში ელოდა განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას, რომელიც გასული წლის ბოლოს შეათანხმა.
გეგმის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიის ჯამური ფართობი 80 905 კვ.მ.-ს მოიცავს და 10 მიწის ნაკვეთს აერთიანებს. 15 შენობისგან შემდგარი პროექტი მედიცინის ცენტრს, საწვრთნელ მოედნებსა და სხვა საჭირო ობიექტებს მოიცავს.
„დღეის მდგომარეობით მიმდებარე საკვლევი ტერიტორია ქაოტურად ვითარდება, მასზე გაბნეულია სხვადასხვა ტიპის მცირე, მიტოვებული ნაგებობები და სპორტული მოედნები. ტერიტორიაზე ფუნქციონირებს „NEW VISION UNIVERSITY ECO CAMPUS“- უნივერსიტეტი. დაგეგმვის მთავარი ამოცანაა საპროექტო ნაკვეთების ერთიან გეგმარებით ერთეულად ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს ტერიტორიის დაგეგმილ, ეტაპობრივ განვითარებას განაშენიანების რეგულირების გეგმის წინასაპროექტო ხედვაში წარმოდგენილი პროექტის ეფექტიანობა წარმოადგენს შემდეგს: განვითარდება საგზაო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ღია და დახურული სპორტული დარბაზები, აშენდება საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მიწისქვეშა ავტოსადგომით, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა, კეთილმოეწყობა ტერიტორია. ეს ყველაფერი თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე იქნება ასევე ხელის შემწყობი დასაქმების შესაძლებლობის გაჩენისა.
პროექტის განვითარება გარკვეულ სტიმულს მისცემს მიმდებარე ტერიტორიების განვითარებას, რაც შესაძლებლობას შექმნის მიმდებარე არეალი ჩამოყალიბდეს, როგორც საგანმანათლებლო-სპორტული და საზოგადოებრივ-საქმიანი ცენტრი სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის. წარმოდგენილი ტერიტორიის სწორად განვითარება ნიშნავს მიწის და მასზე აშენებული ნაგებობების და ინფრასტრუქტურის მაღალ ხარისხს, შესაბამისად საბაზრო ღირებულების გაზრდას“, – წერია პროექტის განმარტებით ბარათში.
ა(ა)იპ „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე (რექტორი) გასული წლის სექტემბრიდან გიორგი ბარკალაიაა, რომელმაც დავით კერესელიძე შეცვალა.