ნიორი გაძვირებულ პროდუქტებში მე-3 ადგილზეა – რა არის ამის მიზეზი?

საქართველოში ნივრის იმპორტი 37%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 692 ათასი დოლარის ნიორი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის იმავე პერიოდში 434 ათასი დოლარის ღირებულების. იმპორტის მსგავსად შემცირებულია ქართული ნივრის ექსპორტიც. კერძოდ, გასული წლის 7 თვეში თუ საქართველომ თითქმის 300 ათასი დოლარის ნიორი გაყიდა, წელს ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 236 ათას დოლარამდე შემცირდა.
ფერმერების ნაწილი ამას ბაზარზე ჩინური ნივრის შემოტანას უკავშირებს. მათი თქმით, შარშან დიდი რაოდენობის ნიორი მოიყვანეს, ჭარბი მოსავლის ფონზე კი დახლებზე ასევე დიდი რაოდენობის იმპორტირებული ნიორი გამოჩნდა, რომელიც ქართულ პროდუქციასთან შედარებით იაფია. შედეგად, დაბალი ფასის გათვალისწინებით, წელს ნაკლები ნიორი დათესეს, რამაც საბოლოო ჯამში ნივრის დეფიციტამდე მიგვიყვანა.
დღევანდელი მონაცემებით, იმპორტული ნივრის ფასი მარკეტებში საშუალოდ 9-10 ლარია. ქართული ნიორს რაც შეეხება, ფასები 10.95 ლარიდან იწყება და 13.6 ლარამდეც კი აღწევს.
როგორც აგროექსპერტი, სერტიფიცირებისა და აგრონომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელო- ედვარდ შერმადინი გვეუბნება, ამის მიზეზი ისაა, რომ განსხვავებით თურქეთისა, საქართველოში ადგილობრივ ფერმერებს სახელმწიფო პროდუქციის რეალიზების მხრივ ნაკლებად ეხმარება.
„თუ წლის განმავლობაში ფასები მაღალია, ფერმერებს აქვთ სურვილი, უფრო მეტი ფართობი დაამუშაონ მაღალფასიანი კულტურის და ბაზარს მიაწოდონ. თუ ფასები იკლებს, ეს სურვილიც ნაკლებია.
საერთაშორისო ბაზარზე ქართული ნიორი არ გადის, რადგან შესაბამისი რაოდენობით არ იწარმოება.
იგივე ჩინელი და თურქი ფერმერები როცა შემოდიან და კონკურენციას უწევენ ადგილობრივ ფერმებს, მართალია, იმპორტირებულ ნიორს ტრანსპორტირების ხარჯი ემატება, თუმცა ქართულ ბაზარზე მაინც დიდ კონკურენციას ქმნის. თურქეთის შემთხვევაში, დაწინაურებას ხელს ისიც უწყობს, რომ ექსპორტი წახალისებული აქვთ, სახელმწიფო ეხმარება ფერმერს, რომ მისი პროდუქცია კონკურენტული იყოს. ასეთი ხელშეწყობა ჩვენს ფერმერებს არ აქვთ“,- აღნიშნა ედუარდ შერმადინმა.
,,ჩვენ შემთხვევაში თვითღირებულების შემცირება უნდა მოხდეს, წარმოების გაზრდის ხარჯზე. თუ ფერმერს 1კვ/მ-ზე ნაკლები დანახარჯებით მეტი ნივრის მოყვანა შეეძლება, მისი წარმოება უფრო კონკურენტული იქნება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. რაც შეეხება ქართული ნივრის ხარისხს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხი დამოკიდებულია იმაზეც, თუ მთავრობა რამდენად უწყობს ხელს ქვეყანაში უვნებელი პროდუქციის წარმოებას. ზოგადად, ქართული პროდუქცია განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა, რადგან კლიმატი განსაკუთრებული გვაქვს და ნიადაგიც შესაბამისი მაკრო და მიკრო ელემენტებითაა გაჯერებული. ქართული ნივრის მთლიანად ჩანაცვლება იმპორტული ნივრით არ მგონია მოხდეს, ალბათ, გარკვეული ნიშა იქნება, სადაც ქართული ნიორი გაიყიდება“,- აღნიშნა ედვარდ შერმადინმა.