ნინო ჯაფარიძის თქმით, ცესკოს წარმომადგენლები Edison-ის ეგზიტპოლის ჩატარებას ხელს უშლიან

Edison Research-ის მთავარი მრჩევლის, ნინო ჯაფარიძე ამბობს, რომ ს წარმომადგენლები ეგზიტპოლის ჩატარებას ხელს უშლიან. როგორც მან ფორმულას ეთერში აღნიშნა, Edison Research-ის წარმომადგენლებს მუშაობაში ხელი ეშლებათ.
“[ცესკოს თავმჯდომარისგან] გვაქვს წერილი, რომელიც აძლევს უფლებას ჩვენს წარმომადგენლებს, რომ ჩაატარონ ეგზიტპოლი, იყვნენ 100 მეტრის ზონის შიგნით, მარკირების ზონის გარეთ. დილიდანვე სამეგრელოში ჩანდა მიზანმიმართული აგრესიული დამოკიდებულება ცესკოს წარმომადგენლების მხრიდან ედისონის ეგზიტპოლის თანამშრომლების მიმართ. არ აძლევენ უფლებას, რომ იდგნენ იქ, სადაც მუშაობის უფლება აქვთ. წვიმაც არის, ძალიან გვიშლის ხელს. როდესაც მარკირების ზონის გარეთ არის ჰოლი, სადაც გადაფარვა არის, სადაც შეიძლება იდგეს ჩვენი წარმომადგენელი და უფრო კომფორტული იყოს, იქ არ აძლევენ უფლებას. არა მხოლოდ ეს, არამედ ეუბნებიან, რომ დადგნენ 100 მეტრის ზონის გარეთ. ეს ხდება არა მხოლოდ სამეგრელოში, არამედ კახეთშიც. ფაქტობრივად, ყველგან ვგრძნობთ ასეთ მიმართულ ხელშეშლის პროცესს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის თქმით, როდესაც ცესკოს ოფიციალურ წარმომადგენლებს აჩვენებენ, რომ ადგილზე ყოფნის უფლება აქვთ, Edison-ის წარმომადგენლებს ეუბნებიან, რომ ელექტრონული ფოსტით არ მიუღიათ ინსტრუქცია:
“ცესკო უნდა დაუკავშირდეს თავის წარმომადგენლებს და გააფრთხილონ, რომ თავისი მოვალეობა შეასრულონ. ნუ შეგვიშლიან ხელს საქმიანობაში”.
მისივე განცხადებით, ერთადერთი ადგილი, სადაც მინიმალური ხელშეშლა აქვთ, არის თბილისი. როგორც იგი ამბობს, თბილისის გარეთ პრობლემები ექმნებათ და განსაკუთრებით აგრესიულები არიან სამეგრელოში.
აღნიშნული განცხადებიდან მალევე, ნინო ჯაფარიძემ თქვა, რომ დასავლეთ საქართველოში არსებული პრობლემა, მოგვარებულია. თუმცა ხელშეშლის ფაქტი დაფიქსირდა ჭიათურის ერთ-ერთ ოლქში, სადაც გირჩის წარმომადგენლები მათ ინტერვიუერებს მიუთითებენ, ტერიტორია დატოვონ და გავიდნენ გარეთ, სადაც წვიმს.