ამერიკულმა კვლევითმა კომპანიამ „ედისონ რისერჩმა“ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მათგან, ვინც პროპორციული არჩევნების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა, 87 % ამბობს, რომ მომდევნო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარებას ემხრობა. ამავე შედეგების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის 44% ხმას ოპოზიციურ ძალას მისცემდა, ხოლო 26% – „ქართულ ოცნებას“; მოსახლეობის 30%-ს კი არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემდა ხმას; ქვეყნის მოსახლეობის 90% აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამასთან გამოკითხულთა 77% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევის შედეგების შესახებ „ამერიკის ხმას“ „ედისონ რისერჩის“ ვიცე-პრეზიდენტი, ნინო ჯაფარიძე ესაუბრა:
– რა იყო თქვენთვის ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ამ კვლევის უმთავრესი მიგნება?
ძალიან გამიჭირდება, რომ მხოლოდ ერთ ფაქტორზე ვისაუბრო. იყო ძალიან ბევრი საინტერესო აღმოჩენა, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე დასმული კითხვები და ძალიან მდიდარია მასალა, რომელზეც შეიძლება გესაუბროთ. საქართველოში ყოფნისას ვიგრძენი, რამდენად დინამიურია საქართველოს პოლიტიკური, წინასაარჩევნო გარემო და მოსახლეობის ჩართულობა. პოლიტიკური მუხტიდან, გარემოდან და პროტესტიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არ მიესალმება პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას.
მოსახლეობამ იცოდა, რომ კანონპროექტი შესული იყო პარლამენტში, მის არსს ძალიან კარგად იგებს მოსახლეობა და ეწინააღმდეგება იმ ფაქტს, რომ პარლამენტმა ეს ცვლილება ჩააგდო. მოსახლეობის უმეტესობა, ანუ იმათი 87 %, ვინც ამ შეკითხვას პასუხი გასცა ან იცოდა ცვლილებების შესახებ, ამბობს, რომ ამ ცვლილებას ემხრობა. გამოკითხული იყო 2000 ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით. ემხრობიან, რომ იყოს პროპორციული არჩევნები და ნულოვანი ბარიერი. 80 %-მა იცოდა ამ ცვლილებების შესახებ. და თუ მთლიანად, 2000 ადამიანიდან დავითვლით პროცენტულ წილს, ცვლილებების მომხრე 68 % იყო.
– იყო თუ არა კვლევაში იმგვარი კითხვები, რაც აჩვენებდა მხარდაჭერის ან წინააღმდეგობის მიზეზს ან იმას თუ რამდენად ზუსტად ესმის რესპონდენტს მისი მნიშვნელობა თუ საჭიროება? ზოგიერთი შეხედულებით, მოსახლეობის ნაწილს შესაძლოა საკმარისად კარგად არ ესმოდეს ამ სისტემების უპირატესობისა და ნაკლოვანებების შესახებ.
დამატებითი კითხვები ამჯერად კითხვარში არ შესულა. კვლევა ეხებოდა ძალიან ბევრ საკითხს. მთლიანობაში (ამ კონტრაქტის ფარგლებში) 6 კვლევა ჩატარდება, არჩევნების დღეს კი – ეგზიტპოლი. ის 3 კითხვა, რომელიც პროპორციულ სისტემას ეხებოდა, ჩვენ კვლევის საველე პერიოდის მესამე დღეს დავამატეთ. თუ ეს საკითხი აქტუალური და მწვავე დარჩება, მოგვეცემა მომავალში შესაძლებლობა, რომ ჩავუღრმავდეთ.
მთავარი ისაა, რომ ჩვენი შედეგები სწორი იყო, როგორც ვიწინასწარმეტყველეთ, მეცნიერული ხერხით, იყო მეორე ტური და როგორც გახსოვთ, ეგზიტპოლის შედეგებმაც იგივე შედეგი დადო, რაც რეალურად მოხდა არჩევნების დღეს (ცესკოს ციფრებით).
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი სრულწლოვანი რესპონდენტები 12- 23 ნოემბრის პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხნენ. საჯონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში კენჭისყრისას 14 ნოემბერს ჩავარდა. 95%-იანი სანდოობის დონისთვის კვლევის შესაძლო ცდომილება 2.2%-ია.
თუმცა, დავფიქრდეთ, რამდენი არჩევნებისას მისცა საქართველოს მოსახლეობამ ხმა შერეული წესით. ვფიქრობ, რომ იმის თქმა, თითქოს ხალხს არ ესმის, რას უწერს მხარს, არის აბსურდი და მოქალაქის დამცირება. წინა ხელისუფლების მმართველობის დასაწყისში გვესმოდა, რომ ყოველი მოქალაქე მნიშვნელოვანია და ა.შ. მოგვიანებით კი დაიწყო ხალხზე საუბარი ისე, რომ მათ არ ესმით ამა თუ იმ რეფორმის მნიშვნელობა და ა.შ. ვფიქრობ “ოცნების” ხელისუფლებაც იმავე შეცდომას უშვებს.
– ჩვენ მოვისმინეთ ამ შედეგების განსხვავებული ინტერპრეტაციები და ვინ რა წაიკითხა ამ შედეგებში. ერთ-ერთი გათვლა იყო იმგვარი, თუ რამდენ მანდატს მიიღებს მთავრობა და ოპოზიცია იმ შემთხვევაში, თუ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არჩევნებზე არ მივა. რა გვაძლევს იმის საფუძველს, ან გვაქვს თუ არა საერთოდ საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს, დღეს „გადაუწყვეტელი“ ამომრჩეველი ან მისი ნაწილი არ არის ხელისუფლების ამომრჩეველი?
ვიტყოდი, რომ ძალიან ნაადრევია ასეთი დასკვნების გამოტანა, რადგან არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა. ვიცით, რომ გამოკითხულთა 30 %, და რადგან კვლევა იყო რეპრეზენტატული მთელი ქვეყნის მასშტაბით – 18 წელზე ზემოთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა შორის – ანუ ამომრჩევლის 30 %-მა არ უპასუხა კითხვას, თუ რომელ პარტიას მისცემდა ხმას – ან არ მოისურვეს თქმა ან თქვეს, რომ არ არიან ჩამოყალიბებულნი.
ვისურვებდი, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა იყოს უფრო მაღალი. მაღელვებს ის სურათი, რასაც ვხედავთ: რომ მოსახლეობა უკმაყოფილოა და არ ენდობა თავისივე ქვეყნის უმთავრეს ინსტიტუტებს. როგორც პარლამენტს, ისე პრემიერს, პრეზიდენტს. ეს მიუთითებს უკმაყოფილების ძალიან დიდ მაჩვენებელზე და ცვლილებების აუცილებლობაზე.
ჩვენი კვლევა კონფიდენციალური იყო, ადამიანს შეეძლო, რომ ყველა იმ კითხვაზე, სადაც მის აზრზე, არჩევანზე იყო საუბარი, თავად მოენიშნა პასუხი, თუ რა აზრისაა, რომელ პარტიას მისცემდა ხმას. ამიტომაა რომ შედარებით ნაკლებია პროცენტი ადამიანებისა, რომლებმაც არ გამოხატეს ღიად თავისი აზრი. არჩევნებამდე დიდი დროა, პარტიებისთვის ახლა იწყება წინასაარჩევნო კამპანია და სხვა ყველაფერი.
კვლევის ერთ-ერთი შედეგი, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, ისაა, რომ კითხვაზე, რას ეფუძნება პოლიტიკური პარტიის მიმართ მხარდაჭერა, ამომრჩევლები ამბობდნენ, რომ პარტიის პროგრამაა უმნიშვნელოვანესი. 38-39 % იყო ასეთი, შემდეგ მოდის მნიშვნელობით – პარტიის ლიდერი და შემდეგ იდეოლოგია. ანუ წარმოიდგინეთ, პარტიის პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამომრჩევლისთვის. ვნახოთ რას მოიმოქმედებენ პარტიები, შეინარჩუნებენ ამ მხარდაჭერას, გაზრდიან თუ რა მოხდება. შეიძლება კონკრეტული ნაბიჯების გამო დაკარგონ კიდეც მხარდაჭერა. სტაბილური ახლა არაფერია და ძალიან დინამიური პერიოდია.
გადაუწყვეტელი ამომრჩევლის შესახებაც ხშირად განსხვავებულ ინტერპრეტაციას ახდენს ხელისუფლება და ოპოზიცია, განსხვავებულ დასკვნებს აკეთებენ და აფუძნებენ ამ ციფრებს, არის თუ არა გადაუწყევეტელი ამომრჩევლის ეს ციფრი მაღალი და რას ამბობს ეს პოლიტიკურ პროცესზე?
კვლევის ასეთი შედეგები რომ არჩევნებამდე 3 დღით ადრე იდებოდეს, ვიტყოდით, რომ ნამდვილად ძნელი განსასაზღვრია, რა მოხდება არჩევნებზე. რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნებს, წესით უფრო ჩამოყალიბებული უნდა იყოს ამომრჩეველი, თუ რა თქმა უნდა ამის საბაბს პარტიების პროგრამა და მათი წინასაარჩევნო კამპანია მისცემს. იმას კი, თუ რა მოხდება არჩევნების დღეს, ეგზიტპოლის საშუალებით გავიგებთ. ესაა ყველაზე სწრაფი და კორექტული გზა გავიგოთ, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.
თქვენ მიმართ არაერთხელ ყოფილა კრიტიკა, მათ შორის გია ვოლსკის, კახა კალაძის, ირაკლი კობახიძის მხრიდან. განსაკუთრებით კი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ. როგორია თქვენი პასუხი ამ კრიტიკაზე? როგორ იხსნება ის ზოგიერთი განსხვავება კვლევასა და რეალურ შედეგებს შორის?
მაშინ კვლევას “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ვაკეთებდით. შედეგები აჩვენებდა, რომ იქნებოდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდი, პრეზიდენტი არ იქნებოდ არჩეული ოქტომბრის თვეში და ეს, რა თქმა უნდა, გახდა საბაბი იმ კრიტიკისა. თავად “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებული კვლევები, უჩვენებდა, რომ იქნებოდა ერთი რაუნდი, რომელშიც გაიმარჯვებდა სალომე ზურაბიშვილი. ჩვენი კვლევებით კი, სამიდან არც ერთ უმთავრეს კანდიდატს, არც ზურაბიშვილს, არც ვაშაძეს და არც ბაქრაძეს არ ექნებოდათ პირველ ტურშივე გამარჯვების საშუალება. ეს იყო კრიტიკის და “ედისონის” რეპუტაციის შერყევის მცდელობის საფუძველი.
ეს ბუნებრივიც არის, მე მესმის, რატომ გადადგეს ეს ნაბიჯები. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა რომ პირადზე არ გადასულიყო ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ჩემთვის გასაკვირი არ არის.



