“ასე იწყებოდა ყველგან და ყოველთვის. ასე შეპარვით. ასე თამაშ-თამაშით. ასე ვერ დაჯერებით. თავიდან ყოველთვის სხვები იყვნენ, ვისაც ეხებოდა: რეპრესია, შევიწროება, ვისაც რაღაც ბრალი ედებოდა, რაღაც სახის “უმცირესობას” ან ჯგუფს. ამიტომ ყველა დიდ ხანს ვარჯიშობდა თვალის არიდებას, გულგრილობას და აგრძელებდა ყოფას, სანამ მასაც არ მიადგებოდნენ. და ასე მოვედით აქამდე ჩვენც, ამ თვალის არიდებით და “მე არ შემეხებას” რწმენით:
ამ ტოტალურ უსამართლობაში, უკანონობაში, კრიმინალში, კორუფციაში, პროპაგანდაში, ტყუილში, ძალადობაში, ცენზურაში და დაჭერებში.
ყველა სახის დიქტატურა ასე იწყებოდა და ასე გრძელდება. და ყველაზე შემაშინებელი ამაში ის არის, როგორც გერმანელები ამბობენ, ზევით ლიმიტი აღარ არსებობს… ანუ ასე უსუნო და უფერო, მაგრამ საწამლავი გაზივით იზრდება ხოლმე დიქტატურის დიაპაზონი. ასე გვაგუებენ უსუნოდ და უფეროდ… სანამ არ გავიგუდებით.
რაც შარშან ვერ წარმოგვედგინა, ახლა დღის წესრიგშია. რაც ახლა ვერ წარმოგვიდგენია: ხვალ იქნება მოცემულობა.
უკანონოდ დაჭერილი ოპოზიცია, ჟურნალისტები, აქტივისტები, მსახიობები, რიგითი მოქალაქეები და სია, ვეჭვობ გაგრძელდება, მადა ხომ ახლა გაეხსნათ. ესეც სამწუხაროდ ძალიან ადამიანურია: უფრო და უფრო მეტად იღებ თავზე ხელს იმიტომ, რომ გაგდის და არ გეშინია რომ შენს საქციელს რამენაირი სასჯელი მოყვება.
ამათაც ფაქტია გასდით და გაუვათ, სანამ უკლებლივ ყველას არ შეეხება სისტემა. “კარტიეს” მოტრფიალეს, მაღაროელს, პროფესორს, ბიზნესმენს, “პურის მცხობელს”, მოდურ ნათელმხილველს, სტუდენტს, ტაქსის მძღოლს, ვერა-ვაკეს, “სოფლელს” თუ “ელიტას.”
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანები ისტორიულ მეხსიერებას ვერ ვინარჩუნებთ. საცერივით გადის ჩვენში კოლექტიური გამოცდილებები, რომელიც წესით სეიფივით უნდა იყოს ჩვენში დალუქული…
ალბათ არ შეგვწევს ამის უნარი. ალბათ აუცილებელია, რომ თავად გამოვცადოთ ყველაფერი, რომ ის შევიცნოთ და ბოლომდე გავიაზროთ. ისტორია ვერ მუშაობს პრევენციად. სამწუხაროდ…
ბოლო კვირებია ჰოლოკოსტის და გულაგის ლიტერატურას მივუბრუნდი და ამ ორივე, კაცობრიობის ყველაზე შემზარავი კოშმარის მემატიანეებს, სხვადასხვა ერის, სტილის, გამოცდილების და ასაკის მოუხედავად, 1 ლაიტმოტოვი აკავშირებთ:
რაღაცნაირი დაუჯერებლობა იმისა, რაც მათ თავს ხდება. რომ ეს ყველაფერი აი ასე, ე. წ. ცივილიზაციაში, სამყაროს თვალ წინ ხდება. აი ასე კლავენ და ანადგურებენ ადამიანებს და ამაზე არავინ აგებს პასუხს!
და იქნებ ახლა, როცა ეს ყველაფერი ვიცით და ვიცით, რომ კი ასეთი ადამიანები არსებობენ, ყველაფერ იმაზე წამსვლელები, რისი წარმოდგენაც გვზარავს, იქნებ ეს მაინც დავიჯეროთ, რომ ეს ყველაფერი რაც დღეს საქართველოში ხდება და დღეს უკვე შესაძლებელია, ხვალ ამაზე კიდევ უფრო ბევრად შემზარავი გახდება იმიტომ, რომ დიქტატურა სულ უფრო და უფრო მეტ მსხვერპლს ითხოვს, ესეც ხომ ისტორიული ფაქტია…
როგორც ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა შემახსენა ამასწინად და როგორც ბრძენმა მამარდაშვილმა თქვა:
“ძილში ცხოვრება კი არ არის საშინელება, საშინელებაა გაიღვიძო სხვის სიზმარში.” ჩვენ დიდი ხანია უკვე სხვის და თან ძალიან ფატალურ სიზმარში ვართ, მაგრამ ტოტალურ გამოღვიძებამდე, როგორც ჩანს ეტყობა ბევრი გვიკლია…” – წერს დრამატურგი, მწერალი ნინო ხარატიშვილი სოციალურ ქსელში.