ნინო წილოსანი – EPP „ნაცმოძრაობის“ დედა პარტიაა – რაც შეეხება, კორუფციას, მინდა ისინი დავარწმუნო, რომ ღია კარის შემტვრევას აზრი არ აქვს, კორუფციული ფაქტები სამართალდამცავებმა უკეთ გამოიძიეს

EPP დანაშაულებრივი და ბოროტმოქმედი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ დედა პარტიაა – რაც შეეხება, კორუფციასთან დაკავშირებულ გამოძიებას, მინდა ისინი დავარწმუნო, რომ ღია კარების შემტვრევას აზრი არ აქვს, ისინი საქართველოს სამართალდამცავებმა უკეთ გამოიძიეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს.
წილოსანის თქმით, „EPP რომ რაიმე რეზოლუციას დააინიცირებს და რაღაც პრინციპებს ჩადებს, აპრიორი უნდა მივხვდეთ, რომ არასწორ პროცესთან გვაქვს საქმე“.
„როდესაც რაიმე რეზოლუციის შინაარსზე ვსაუბრობთ, ვნახოთ, ვის მიერ დაინიცირდა. EPP არის დანაშაულებრივი და ბოროტმოქმედი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ დედა პარტია. ის მთელი ამ წლების განმავლობაში, არა მხოლოდ მათი ოპოზიციური რადიკალობის დროს, არამედ სააკაშვილის მავნებლობების და ბოროტების ჩატარების პროცესში, მხარს უჭერდა და ამართლებდა მათ მოქმედებებს. ეს პარტია რომ რაიმე რეზოლუციას დააინიცირებს და რაღაც პრინციპებს ჩადებს, აპრიორი უნდა მივხვდეთ, რომ არასწორ პროცესთან გვაქვს საქმე.
რაც შეეხება, კორუფციასთან დაკავშირებულ გამოძიებას, მინდა ისინი დავარწმუნო, რომ ღია კარების შემტვრევას აზრი არ აქვს. აღნიშნული კორუფციული ფაქტები საქართველოს სამართალდამცავებმა უკეთ გამოიძიეს. ვფიქრობ, რომ EPP-ის წევრების, ევროპარლამენტში თუ სხვადასხვა ფორმატებში კორუფციული ფაქტები უფრო მეტად საინტერესო უნდა იყოს მათთვის, ვიდრე საქართველოში უკვე გამოძიებული კორუფციული შემთხვევები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი აქცენტის და ინტერესის ქვეშ იყო, რომ აღმოფხვრილიყო კორუფციის ნებისმიერი შესაძლებლობა. გვიხარია, რომ EPP ამაში გვეთანხმება. თუმცა ყველაზე მავნებლური და არასწორი ფორმით გააქვს ყველაფერი.
ჩვენი წარმომადგენელი მაია ბითაძე, რომელიც სწორედ ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა, რა თქმა უნდა, სწორ ინფორმაციას გვაწვდის იმასთან დაკავშირებით, თუ ვის შეუძლია რეზოლუციის დაინიცირება ან პროცედურებში მონაწილეობა. ფაქტი ერთია – არ აქვს მნიშვნელობა აღნიშნული რეზოლუცია საბოლოოდ მიიღება და იქნება მხარდაჭერილი თუ არა, თინა ბოკუჩავა, გიგი წერეთელი მათი უცხოელი პატრონების მეშვეობით რომ დაძრწიან ამ ინსტიტუციის დერეფნებში და აფუჭებს საქართველოს საქმეს, ეს არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა წილოსანმა.
გარდა ამისა, წილოსანმა ისაუბრა ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე საქართველოს არ მიწვევის შესახებაც. წილოსანის თქმით, ეს იმით იხსნება, რომ არის „მიკერძოებული მიდგომა და საქართველოს პოლიტიკური დასჯის სურვილი“.
„თუ ევროკავშირს გაფართოება რეალურად სურს, საქართველო ის უნიკალური შესაძლებლობების ქვეყანაა, რომელმაც წლების მანძილზე ბევრი გააკეთა, რომ კანდიდატ ქვეყნებს შორის საუკეთესო გამხდარიყო. ევროკავშირის მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულებით წამყვანი ყოფილიყო, მათ შორის ეკონომიკური ზრდით, კორუფციასთან ბრძოლით და ა.შ. იმ პირობებში, როცა საქართველო არ არის მიწვეული გარკვეულ ფორუმზე, ეს რით აიხსნება? წარმოუდგენელია. თუ ამ ფორუმის მიზანი ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მუშაობა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია. ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს, მიკერძოებული მიდგომა და საქართველოს პოლიტიკური დასჯის სურვილია. რისთვის ისჯება, საქართველო, ეს ნებისმიერმა ქართველმა იცის. წლებია, საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი პოლიტიკური, მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის. იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც, თუნდაც 2022 წლის ომში სურდათ“, – განაცხადა წილოსანმა.