ფსიქოლოგიური ტერორის შემდეგ ადევნებაზეც გადავიდნენ – ფაქტია, რომ მთლიანად ეს ფაშისტური მოქმედებები წახალისებულია ოპოზიციური ლიდერების მხრიდან, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ის პოლიტიკოსი და აქტორი, რომელიც ამ ყველაფერს ახალისებს, პირდაპირ დანაშაულებრივი სქემის მონაწილეა.
როგორც წილოსანი აღნიშნავს, ადევნების გუშინდელ შემთხვევასთან დაკავშირებით დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული.
„ამ პატარა დაჯგუფებას უნდა, რომ ის რაც კანონით დასჯადია, ის, რაც ყველანაირი ნორმებით მიუღებელია, გაასაღოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაში, ასევე აქტივიზმში. გუშინდელ შემთხვევასთან დაკავშირებით 5 საათზე ვარ გამოკითხვაზე დაბარებული შინაგან საქმეთა სამინისტროში და აუცილებლად, დეტალურად აღვწერ ამ მარაზმს, რასაც ადამიანურ ენაზე ფაშიზმი, მაგრამ კანონის ენაზე ადევნება ჰქვია.
ფაქტია, რომ მთლიანად ეს ფაშისტური მოქმედებები წახალისებულია ოპოზიციური ლიდერების მხრიდან, მათ შორის, იმ პოლიტიკოსებისგან და აქტივისტებისგან, რომლებიც ქვეყნის შიგნით და გარეთ მოქმედებენ. ფაქტია, რომ მათი მხრიდან წახალისების შედეგად, კიდევ უფრო მძიმე ფორმებს იღებს ეს ყველაფერი. ზუსტად ის, რასაც აქამდე შემთხვევითობას აბრალებდნენ თითქოს გადაეყარნენ რომელიმე ჩემს კოლეგას და იქვე აქტივისტმა გამოხატა შეშფოთება და ეს გამოხატვის თავისუფლება იყო გუშინდელმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არანაირ სპონტანურობას არ აქვს ადგილი. ეს არის კარგად გამიზნული და გათვლილი,” – განაცხადა წილოსანმა.