სამარცხვინო ზურაბიშვილი გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით ამბობდა, რომ პოლიცია და „სპეცნაზი“ მობილიზებული იყო, რათა გასწორებოდნენ მოქალაქეებს – ამის საპირისპიროდ, პოლიცია ღირსეულად და მშვიდობიანი ფორმით მართავდა პროცესებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
ნინო წილოსანი აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით დრამატულ შედეგებს აანონსებდა, „ამის საპირისპიროდ აქცია ყოველგვარი გამწვავების გარეშე დასრულდა“.
წილოსანის თქმით, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პროცესების პროვოცირებისთვის და ესკალაციისთვის ყველაფერს აკეთებს.
„სამარცხვინო სალომე ზურაბიშვილი გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით დრამატულ შედეგებს აანონსებდა, ამბობდა რომ პოლიცია და „სპეცნაზი“ მობილიზებული იყო, რათა გასწორებოდნენ მოქალაქეებს. ამის საპირისპიროდ, პოლიცია ღირსეულად და მშვიდობიანი ფორმით მართავდა პროცესებს, აქციაც ყოველგვარი გამწვავების გარეშე დასრულდა.
ეს პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენებული პირი, რომელიც ადგილს მხოლოდ იმიტომ იკავებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიფარა, პოლიტიკური პროცესების პროვოცირებისთვის და ესკალაციისთვის ყველაფერს აკეთებს. ეს მის ქმედებებში ახალი თავია“, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება“.
„სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. სპეცრაზმი წყლისა და გაზის ჭავლებით მზად არის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ ევროპულ მომავალს იცავენ, მოქმედებაზე გადავიდეს. დაკავებები მიმდინარეობს. საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება!“, – წერს X-ზე სალომე ზურაბიშვილი.