პრეზიდენტმა ყაველაშვილმა ერთხელ იხუმრა – ხომ ჰყავთ მათ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი და მან შეიწყალოსო – ეს ძალიან სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს – კიდევ ერთი აბსურდი მათ გუშინდელ აგორებულ კამპანიაში ის არის, რომ შეწყალებას ითხოვდნენ პრეზიდენტისგან, რომელსაც, მათივე თქმით, არ აღიარებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან პატიმრების შეწყალების აქტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები არიან ადამიანები, რომლებიც არცერთ ჯერზე არ აღიარებენ ბრალს და საზოგადოება არ არის დაზღვეული, რომ მათი გამოსვლის შემდგომაც ნაკლებად „რადიკალურები“ გახდებიან.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტმა ყაველაშვილმა 4-5 მოწყალების აქტი გამოსცა და სადღაც 1000-მდე ადამიანი ჰყავს შეწყალებული და არცერთ ჯერზე არ გვინახავს ამ პატიმრების და მათი ოჯახის წევრების მხრიდან ასეთი კამპანიური ხასიათის მოთხოვნა შეწყალებასთან დაკავშირებით. მეტიც, როცა მათ შეწყალებაზე ისმოდა საკითხი, ვხედავდით როგორი აგრესიულები იყვნენ მათი ოჯახის წევრები და პირიქით ციხიდან აქვეყნებდნენ წერილებს, რომ მათ შეწყალება არ სჭირდებათ. რას უკავშირდებოდა ნათლისღებას ეს აგორებული კამპანია – ერთია, რომ გადაეწურათ იმედები, რომ საკუთარი პატრონები გამოიხსნიან დამნაშავეებს და მეორე – ეს იყო კარგად დაგეგმილი მედია კამპანია, რომელსაც ადამიანებში ამ პატიმრების მიმართ სიბრალული უნდა გამოეწვია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არცერთ ჯერზე არ აღიარებენ ბრალს და არ ვართ გადაზღვეული საზოგადოება, რომ მათი გამოსვლის შემდგომაც ნაკლებად რადიკალურები გახდებიან”, – განაცხადა წილოსანმა.
წილოსანის თქმით, აქციაზე დაკავებული პირები არიან ადამიანები, რომლებიც დღემდე არ აღიარებენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს.
„პრეზიდენტმა ყაველაშვილმა ერთხელ იხუმრა – ხომ ჰყავთ მათ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი და მან შეიწყალოსო. ეს ძალიან სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დღემდე არ აღიარებენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, ამიტომ კიდევ ერთი აბსურდი მათ გუშინდელ აგორებულ კამპანიაში ის არის, რომ შეწყალებას ითხოვდნენ პრეზიდენტისგან, რომელსაც მათივე თქმით, არ აღიარებენ”, – აღნიშნა წილოსანმა.
დეპუტატის თქმით, პატიმრების ოჯახის წევრების მხრიდან ციხეებთან ლოდინი ხელოვნური და დადგმული პროცესი იყო, რადგან თავად პატიმრები შეწყალებას არ მოითხოვდნენ.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეს პატიმრები და მათი ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ შესაწყალებელი არაფერი აქვთ, რომ ისინი ეთანხმებიან, რაც ჩაიდინეს. ესე იგი, რომ გამოვლენ, შეიძლება, კიდევ იგივე ჩაიდინონ. ასევე, მათი ოჯახის წევრები განსაკუთრებულად აგრესიულები არიან ამ შეწყალებასთან დაკავშირებით, ამიტომ, ძალიან ხელოვნური და დადგმული იყო [გუშინდელი პროცესი]. არ მგონია, რომ ვინმეში ამ პროცესმა შებრალება გამოიწვია, როცა ვხედავთ, რომ ეს ადამიანები შეწყალებას თავადვე არ მოითხოვენ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
ამასთან, წილოსანის თქმით, გასაკვირი არ იქნებოდა, რომ აქციის დროს დაკავებული მოქალაქეები რომც შეეწყალებინათ, ეს თავად შეწყალების აქტის წინააღმდეგ ყოფილიყო გამოყენებული.
„მზია ამაღლობელის ან მისი ოჯახის წევრების მხრიდან გაგვიგია შეწყალების სურვილი? მზია ამაღლობელთან ან ნებისმიერ სხვა პატიმართან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ მათი მხრიდან მზაობა იყოს. არ გაგვიკვირდება რომ რიგ შემთხვევაში, თეორიულადაც რომ ასე წასულიყო პროცესი, როგორც ამბობთ [აქციაზე დაკავებულები რომ შეეწყალებინათ] ეს თავადვე შეწყალების აქტის წინააღმდეგ არ გამოეყენებინათ ამ ადამიანებს. ამიტომ, ყველა რისკიდან გამომდინარე, ვფიქრობ, პრეზიდენტის მხრიდან შეწყალებასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმ პირების მიმართ, რომლებიც კონკრეტულად შეიწყალა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 159 პირი შეიწყალა. იყო მოლოდინი, რომ შეწყალება შესაძლოა, შეხებოდათ აქციების დროს დაკავებულ პირებს, რის გამოც, როგორც რუსთავის, ასევე გლდანის ციხესთან მსჯავრდებულების ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები მივიდნენ, თუმცა ამ დრომდე უცნობია იმ პირთა ვინაობა, ვინ შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა.




