ნინო წილოსანი – პრეზიდენტმა დაიწყო დემოკრატიის თამაში – სასაცილოდ წამოეგო თავისივე ანკესს

პრეზიდენტს შეეძლო თავად დაენიშნა თავისი წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და არანაირი შერჩევის პროცესი არ ეწარმოებინა, თუმცა გადაწყვიტა, რომ ეთამაშა დემოკრატია – სასაცილოდ, თვითონვე წამოეგო თავისივე ანკესს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, პრეზიდენტი ცდილობდა აღქმები შეექმნა, თითქოს რაღაც სერიოზულ პროცესს წარმართავს „ეს პრიმიტიული „ქეისი“, მათივე თამაშის შემდეგ თავადვე დახვდათ წინ“.
„სამწუხაროდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადამიანები უბრალოდ სათამაშოებით ერთობიან. ასე მგონია, რომ თამაშობენ იმიტომ, რომ არც კვალიფიკაციასთან, არც სამართლისა და კანონის ცოდნასთან, არაფერი საერთო ამ ყველაფერს არ აქვს. ძალიან პრიმიტიული „ქეისია”, რომელიც მათივე თამაშის შემდეგ თავად დახვდათ წინ.
საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტს შეეძლო თავად დაენიშნა თავისი წარმომადგენელი საბჭოში და არანაირი შერჩევის პროცესი არ ეწარმოებინა, თუმცა გადაწყვიტა, რომ ეთამაშა დემოკრატია, გადაწყვიტა, რომ აღქმები შეექმნა, თითქოს რაღაც სერიოზულ პროცესებს ატარებს თავის სამფლობელოში. მას ჰგონია, რომ ეს მისი სამფლობელოა და აღარც კონსტიტუციას აგდებს არაფრად, აღარც ხალხის ნებას, აღარც იმათ სურვილს, ვინც აირჩია ის და აღარც ქვეყნის ინტერესებს. დაიწყო დემოკრატიის თამაში, გამოაცხადა რაღაც კონკურსი, რომლის პირობებიც თავადვე შეთხზეს. მიიღეს განაცხადები, შექმნეს კომისია და სამწუხაროდ, კანდიდატი, რომელიც ვერ გავიდა, ვერ დაწინაურდა ამ კომისიის მხრიდან, ასაჩივრებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც თვითონვე შეთხზეს და ხელოვნურად მოიგონეს, რომ ეს პროცესი გაევლოთ მაშინ, როდესაც მას შეეძლო თვითონვე დაენიშნა თავისი წარმომადგენელი.
მას შეეძლო პირდაპირ დაენიშნა ამ კონკურსის და კომისიების გარეშე, მაგრამ მოიწვია სხვადასხვა დამკვირვებლები, მე მგონი ეუთოც ჩართო. ამ პროცესს მისცა ძალიან დიდი დატვირთვა. თავისივე შექმნილ პროცესზე სასაცილოდ თვითონვე წამოეგო თავისივე ანკესს. მისი საპარლამენტო მდივანი გამოვა და კიდევ რაღაცის მოყოლას და მტკიცებას დაგვიწყებს სერიოზული სახით. სამწუხაროდ, უკვე სასაცილოც აღარ არის იმიტომ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუციაზე ვსაუბრობთ. ასე უკანასკნელ წევრამდე და წარმომადგენლამდე არაკომპეტენტურობა უბრალოდ წარმოუდგენელია, რაღაც სახე ხომ უნდა შეინარჩუნონ?“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ. ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი მ. კ-ს სარჩელი გახდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტის, ს, საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე ბრიფინგზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტის შეჩერება პრეზიდენტის უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევაა“.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდინავი დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თანამეგობრობას და ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.