რესპუბლიკის დარბაზში ბრძანდებით, ბატონო გიორგი [მსხილაძე] და თქვენი და თქვენი ხელმძღვანელისა და უფროსისგან განსხვავებით, ეს ქვეყანა რისკის და ომის წინაშე რომ დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად “ევროპებში” და საფრანგეთში გაიქცევა და ის, რასაც ახლა აკეთებთ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაიქცევა, – ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება.
წილოსანის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მსხილაძე წარმოადგენს, „გადაწყვეტილი აქვს, რომ ისტორიაში სამარცხვინო ასოებით შევიდეს“.
„ბატონო გიორგი, ვისაც თქვენ წარმოადგენთ, იმ ადამიანს უკვე გადაწყვეტილი რომ აქვს, სამარცხვინო ასოებით შევიდეს ისტორიაში, ეს გავიგეთ უკვე, თქვენ გააზრებული გაქვთ თუ არა, რომ წარმოადგენთ ფაქტობრივ მეხუთე კოლონას, რომელიც შემოგზავნილია ქვეყანაში იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა გაყიდოს თუ უჩას კადრების ეფექტი არის თქვენზე განხორციელებული? ეს არის პირველი კითხვა. მეორე კითხვა ეხება უშუალოდ კანონს, რომელსაც თქვენ სრულად აბსურდული დასაბუთებით აპროტესტებთ. შეგიძლიათ თუ არა მომიყვანოთ კონკრეტული საჯარო წყარო და აქვე ველოდები ამ წყაროს დასახელებას, სადაც ჩვენ და ქართველი ხალხი ვნახავთ ყველა არასამთავრობო სექტორის დაფინანსებას თავისი თანხებით, მიზნობრიობით მითითებულს, დონორებით და განხორციელებული პროექტებით? ველოდები საჯარო წყაროს, რომელზე დაყრდნობითაც თქვენ ამტკიცებთ, რომ გამჭვირვალეა სექტორი. შემდეგი კითხვა, ითვალისწინებს თუ არა კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ რაიმე სახის სასჯელს, გარდა ფინანსური სახდელისა, ადმინისტრაციული ჯარიმისა, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია არ წარადგენს უბრალოდ ინფორმაციას მის მიერ მიღებული დაფინანსების და განხორციელებული პროგრამების შესახებ, ისიც წელიწადში ერთხელ. ასევე, პასუხებს ველოდები სამართლებრივს და არა პოლიტიკურს. მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ არ ბრძანდებით პოლიტიკური თანამდებობის პირი და მინდა, რომ ძალიან კარგად იცოდეთ თქვენი დანიშნულება რაც არის და არ გაკადნიერდეთ, რომ აქ პოლიტიკური შეფასებები მოგვახსენოთ ანა წითლიძისგან განსხვავებით, რომელიც საკუთარი ხალხის სათქმელის ნაცვლად, უცხოელებს ახმოვანებს, ისე არიან დეგრადირებულნი პარტიულად და ისე არიან სასაცილოდ გამხდარი, რომ უმრავლესობის სახელით გვესაუბრება უმცირესობის წარმომადგენელი. პირველი რესპუბლიკის დარბაზში ბრძანდებით, ბატონო გიორგი და თქვენი და თქვენი ხელმძღვანელისა და უფროსისგან განსხვავებით, ეს ქვეყანა რისკის და ომის წინაშე რომ დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად “ევროპებში” და საფრანგეთში გაიქცევა და ის, რასაც ახლა აკეთებთ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაიქცევა“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.