ნინო წილოსანი – ოპოზიცია არა მარტო მორალის, ინტელექტისგანაც დაცლილია – ვეჭვობ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის რესურსი შეიძლება ისეთ აქტივობას გასცდეს, რომელიც მან საოკუპაციო ხაზთან მოაწყო!

თუ აქამდე ვამბობდით, რომ ოპოზიცია რეპუტაციისგან და მორალისგან იყო დაცლილი, ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიცია ინტელექტისგანაც დაცლილია – ვეჭვობ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის რესურსი შეიძლება ისეთ აქტივობას გასცდეს, რომელიც მან საოკუპაციო ხაზთან მოაწყო! – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განუცხადა.
როგორც წილოსანმა ამ კონტექსტში აღნიშნა, ოპოზიციის დაბალი ინტელექტის ნათელი მაგალითია ის, რომ მათი გეგმა არ არსებობს და ამიტომ ვერავის ვერაფერს შესთავაზებენ.
“ვეჭვობ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის რესურსი ისეთ აქტივობას სცდება, რომელიც მან საოკუპაციო ხაზთან მოაწყო – მის მიერ დაპირებულ უნიკალური გეგმასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხარდამჭერებს ამაზე მეტის იმედი ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ.
მიმდინარე აქციებმა რამდენიმე რამ დაგვანახა: – ოპოზიციის ამომრჩეველთა დიდი ნაწილი აცნობიერებს, რომ ოპოზიციამ წააგო. შესაბამისად, ისინი აქციებზე არ გამოდიან და აქციებს სათანადო მუხტი არა აქვს.
მეორე – დავინახეთ ის, რომ ოპოზიციას არც გარედან აქვს მხარდაჭერა. მათი პარტნიორების მხრიდან რესურსი წინასაარჩევნო განცხადებებში ჩაიდო და როგორც კი დაინახეს, რომ ოპოზიცია ქვეყნის შიგნით დამარცხებული და წაგებულია, ეს მხარდაჭერა გარედანაც დაიცალა.
მესამე – მთელი ამ დღეების მანძილზე, იმდენად ამორალურ, სადისტურ, ბინძურ მოქმედებებს ახორციელებენ, ამ ყველაფრის შემხედვარე მობილიზებას ვერ შესძლებენ.
აქციების დაშლა გამოწვეულია იმით, რომ ოპოზიციას მხარდაჭერა არა აქვს – უარგუმენტოდ არავინ დაიჯერებს სიგიჟეს, თითქოს არჩევნები გაყალბდა. აღარავის აღარ უნდა ამ სიგიჟეში მიიღოს მონაწილეობა!
ბოლო დღეებში გაკეთდა განცხადება, რომ არასამთავრობო სექტორისკენ შეიძლება 100 მილიონი ლარი მიიმართოს. რა თქმა უნდა, ახლა აგრესიული აქტივისტები, ვითომ NGO სექტორის წარმომადგენლები მზად იქნებიან რუსთაველზე დაწვნენ, გაწვნენ, დასხდნენ და ყველა ფორმა მიიღონ ამ 100 მილიონის გულისთვის. სამწუხაროა, როცა ვინმე კვებას ორგანიზაციებს, ვისაც NGO-ს გარდა, ყველაფერი შეგიძლია უწოდო”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.