ნინო წილოსანი – ზურაბიშვილის ირგვლივ საცოდავად გაერთიანებული რადიკალური ოპოზიცია კიდევ უფრო საცოდავად გამოიყურება – იმდენად დისკრედიტებულები არიან, რომ მასზე უკეთესი „ფეისი“ ვერ იპოვეს

სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ საცოდავად გაერთიანებული რადიკალური ოპოზიცია კიდევ უფრო საცოდავად გამოიყურება – იმდენად დისკრედიტებულები არიან, რომ სალომე ზურაბიშვილზე უკეთესი „ფეისი“ ვერ იპოვეს ამ მომენტამდე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს შეუძლიათ კონსულტაციები მას შემდეგაც გააგრძელონ, რაც ოფიციალურადაც აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტის პოზიციაზე, თუმცა წილოსანის განცხადებითვე, მათ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ის, რომ ქართველი ხალხისთვის სალომე ზურაბიშვილი ემოციურად არც ახლა არ არის საქართველოს პრეზიდენტი.
„რას და ვის წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილი? სალომე ზურაბიშვილი არის გარე ძალების მიერ იდენტიფიცირებული პირი, რომელიც „პიარულად“ შეიძლება კარგად გამოიყურებოდეს ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებისთვის და ახლა სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ საცოდავად გაერთიანებული რადიკალური ოპოზიცია კიდევ უფრო საცოდავად გამოიყურება. იმ ადამიანთან გადიან კონსულტაციებს და იმ ადამიანთან არიან მიბმული, რომელსაც სულ რამდენიმე დღე დარჩა სიმბოლურ პოზიციაზე ყოფნის. იმდენად დისკრედიტებულები არიან თავად, რომ სალომე ზურაბიშვილზე უკეთესი „ფეისი“ ვერ იპოვეს ამ მომენტამდე“, – განაცხადა წილოსანმა.