ანა სუბელიანს შინაგან საქმეთა სამინისტრო მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” წევრის, ნინო წილოსანის შეურაცხყოფას ედავება – დავის საფუძველი სუბელიანის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტია. სუბელიანი სასამართლოს დღევანდელ, 12 ივნისის, სხდომას არ ესწრებოდა.
სხდომის გადადების შემდეგ მან თავის ფეისბუკგვერდზე დაწერა: “ადვოკატმა მირჩია, რომ მაინც მონაწილეობა ჯობდა, დღეს ნამდვილად არ შემეძლო, არ მიწყობს ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი ხელს, რომ ასეთ ფორს-მაჟორში ვიცხოვრო, მითუმეტეს, რომ ამას სრულიად ხელოვნურად მიკეთებენ. ვცადეთ გადადება და დაგვთანხმდნენ. სხდომა ჩატარდება 17-ში 3 საათზე. არ ვიცი რამდენად აქვს აზრი, მაგრამ ამ ამბის ჩემს გრაფიკში მშვიდად ჩასმას მაინც შევძლებ, მივალ და ნერვებს მაინც მოვუშლი სისტემის მონებს”.
სასამართლოს სხდომის გადადება ადვოკატმა ჯანო ჭკადუამ მოითხოვა, თავდაპირველად იმის გამო, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სხდომაზე დასწრებას ვერ ახერხებდა. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოსამართლის თანაშემწე დაუკავშირდა სუბელიანს, გაირკვა, რომ ის თანახმა იყო, მისი ინტერესები ადვოკატს წარმოედგინა და საქმის მასალებიც მას გადასცემოდა.
ამის შემდეგ ადვოკატმა სხდომის გადადების შუამდგომლობა კიდევ ერთხელ დააყენა არგუმენტით, რომ გუშინ გახდა მისთვის ცნობილი, თუ რას ედავებოდნენ მისი დაცვის ქვეშ მყოფს და არ ჰქონდა საქმის მასალები.
შუამდგომლობას არ დაეთანხმა შსს-ს წარმომადგენელი და სხდომის გაგრძელება მოითხოვა.
მოსამართლემ თქვა, რომ მართალია, იზიარებს პოლიციის წარმომადგენლის პოზიციას, “რომ ობიექტური გარემოება კი არა, საერთოდ გარემოება ვერ მოისმინა”, თუმცა იმის გამო, რომ არ დაირღვეს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ინტერესები, სასამართლო სხდომას გადადებდა. “ყველა სახის შუამდგომლობა წარმოადგინეთ ხვალ დღის ბოლომდე”, – თქვა მოსამართლე ენუქიძემ და სხდომა 17 ივნისის 15:10 საათამდე გადადო.
ანა სუბელიანს ედავებიან 173-ე16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
17316–ე მუხლით ცალკე გამოეყო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის “სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება”, როდესაც ეს სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ისჯება 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობით 45 დღემდე. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა გაიზრდება 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე; ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა – 60 დღემდე.
იმავე მუხლით მიმდინარე საქმეზე, სასამართლო სხდომა გადაიდო პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას შემთხვევაშიც.
მიმდინარე სამართალწარმოებაზე კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა. ლევან იოსელიანის შეფასება სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მოსაზრებების გამო პოსტის ავტორების სასამართლოში დაბარებასთან დაკავშირებით ასეთია:
„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო იცავს ძალიან მკაცრ და კრიტიკულ მოსაზრებებს, მათ შორის ისეთსაც, რაც საზოგადოების უმეტესობისთვის შეიძლება მიუღებელი და შოკის მომგვრელიც იყოს, მაგრამ ის არ იცავს, მათ შორის, არც საჯარო პირების მიმართ სიძულვილის ენას, ბულინგს, ძალადობის წაქეზებას ან ბილწსიტყვაობას. აზრის გამოხატვა, მათ შორის, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არ შეიძლება მიმართული იყოს კონკრეტული ადამიანის დასაზიანებლად ან დასაკნინებლად. ეს არის სტანდარტი, როგორც სტრასბურგის სასამართლო განმარტავს კონვენციის 10 მუხლს და ამაზე არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული.”
დანარჩენი დამოკიდებულია საქმის დეტალებზე და სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებზე, რაზე დაყრდნობით იბარებენ ამ ადამიანებს ან რა ტიპის გამონათქვამებს ედავებიან.“
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საჯარო ფიგურების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსების გამო სიახლეა საქართველოში. ამავე სამართალდარღვევისთვის დღეს სასამართლოში 20-მდე ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და აქტივისტია დაბარებული საქმის განხილვაზე.
ამ სარჩელებს წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კირცხალიას 6 ივნისს გაკეთებული განცხადება, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“.
ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB-სტატუსების გამო 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული აქციების პარალელურად გაამკაცრა.
ეს კანონი დეპუტატებმა და პოლიციელებმა უკვე გამოიყენეს აქტიური მოქალაქეების წინააღმდეგ:
· 17 მაისს ლაშხთან, როცა ის კაფეში იმყოფებოდა მცირეწლოვან შვილებთან ერთად, მივიდა რამდენიმე ქალი შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს…“ ლაშხმა ეს შეურაცხყოფად აღიქვა, შსს-ს მიმართა, სასამართლომ კი ორ აქტივისტ სტუდენტ გოგოს 12-12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი 4-ათასლარიანი ჯარიმა.
· 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ მუხლით 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა თორნიკე სხვიტარიძეს და 5 000-ლარიანი ჯარიმა ანი ქავთარაძეს – მათ შსს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.
· 23 მაისს ზუგდიდის სასამართლომ 3 500 და 4 000-ლარიანი ჯარიმები დააკისრა მარიამ სიჭინავას და კერენ ესებუას, რომლებსაც ირაკლი ზარქუამ უჩივლა მას შემდეგ, რაც ისინი მას ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში დახვდნენ და იქიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს.
· 4 ივნისს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ალბი კორძაიას – მას თეა წულუკიანმა უჩივლა მის სახლთან მოწყობილი აქციის გამო, რომელზეც კორძაია აპროტესტებდა წულუკიანის განცხადებას საქართველოს ეროვნულ გმირზე, 2008 წლის ომში მოკლულ გიორგი ანწუხელიძეზე.
· 5 ივნისს დავით მათიკაშვილმა უჩივლა აქტივისტ ლექსო სამხარაძეს, რომელიც ქუჩაში გადაეყარა და მისი დანახვის შემდეგ დაიწყო სიმღერა, რომელიც ხშირად ისმის ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე: „ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“.
· 6 ივნისს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ბექა პაპაშვილს – მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ეს გადაწყვეტილება თეა წულუკიანის სარჩელის საფუძველზე მიიღო. პაპაშვილსაც მის სახლთან მოწყობილ აქციაში მონაწილეობის გამო უჩიოდა პარლამენტარი.
ფორუმი
