“ქართული ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებით, მისი და პარტიის სხვა წევრების საჩივრების საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო სასამართლოში დაბარებული ადამიანებიდან “არავის არ დაიჭერენ – ამისთვის არის ადმინისტრაციული ჯარიმა”.
როგორც წილოსანმა მედიის წარმომადგენლებს შესაბამისი კითხვის პასუხად უთხრა, ადამიანებს აქვთ უფლება, იფიქრონ ისე, როგორც სურთ, “მაგრამ ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს კორექტული და კრიტიკის ფორმა და არა შეურაცხყოფის”.
“მგონია, რომ ეს იყო სამაგალითო იმისთვის, რომ სხვისი შეურაცხყოფა, ცილისწამებები, ბრალდებები და მათ შორის, ასეთი ზიზღის კამპანია, რომლისთვისაც ისინი დაფინანსებული არიან, [მიუღებელია]…არავის არ დაიჭერენ – ამისთვის არის ადმინისტრაციული ჯარიმა. ჩემზე წარმოდგენა … არ უნდა შეეცვალოთ, რა თქმა უნდა, მათ აქვთ უფლება იფიქრონ ისე, როგორც ფიქრობენ, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს კორექტული და კრიტიკის ფორმა და არა შეურაცხყოფის… როდესაც ადამიანის შეურაცხყოფას და ზიზღის გენერირებას ახდენ, აუცილებლად უნდა იცოდე, რა კანონი მოქმედებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც. თქვენ რომ ცოტა მაინც დაიხარჯოთ ამ სიუჟეტის მომზადებისას და ელემენტარულად ნახოთ სხვა ქვეყნების მაგალითი – მაგალითად, როგორ დაასანქცირეს 12 000 ევროთი საფრანგეთში ქალი, რომელმაც მაკრონს ნაგავი უწოდა… თქვენც შეგიძლიათ [საჩივრის დაწერა] – ვისაც აღნიშნული მუხლი აქვს დარღვეული, ყველას შეგიძლიათ უჩივლოთ, მე ხომ თქვენს ნაცვლად ვერ ვუჩივლებ?“ – უპასუხა წილოსანმა ჟურნალისტს.
სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან დაკავშირებული სტატუსების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები დაიბარეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები შეადგინა და გამოქვეყნებული სტატუსებისთვის მათ დაჯარიმებას ითხოვს.
ნინო წილოსანი ერთ-ერთია, ვისთან დაკავშირებული პოსტების გამოც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სასამართლოში შემდეგი ადამიანების საქმეები განიხილება.
· ნანუკა ჟორჟოლიანი – ჟურნალისტი;
· ვახო სანაია – ჟურნალისტი;
· ვიკა ბუკია – ჟურნალისტი;
· დეა მამისეიშვილი – ჟურნალისტი;
· ეკა მიშველაძე – ჟურნალისტი;
· მიშა მშვილდაძე – ჟურნალისტი;
· თამარ ჩერგოლეიშვილი – პოლიტიკოსი;
· ლევან ხაბეიშვილი – პოლიტიკოსი;
· ელენე ხოშტარია – პოლიტიკოსი;
· ალეკო ელისაშვილი – პოლიტიკოსი;
· ანა სუბელიანი – აქტივისტი;
· ბაია პატარაია – აქტივისტი;
· დავით ქაცარავა – აქტივისტი;
· გიორგი ქადაგიძე – აქტივისტი;
· ქეთი მოლაშვილი – აქტივისტი;
· ირაკლი გვალია – აქტივისტი;
· მარიამ გეგუჩაძე – აქტივისტი;
· გიგა მაქარაშვილი – აქტივისტი;
· გიორგი ტუმასიანი – აქტივისტი.
დღეს, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში “სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფის” საქმეზე 18 ადამიანის სასამართლო სხდომები იყო დანიშნული. შუადღისთვის ცნობილი გახდა, რომ გადაიდო პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას, აქტივისტ ანა სუბელიანის, უფლებადამცველი ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელ ბაია პატარაიას, აქტივისტ დავით ქაცარავას, აქტივისტ ქეთი მოლაშვილის სასამართლო სხდომები. მოლაშვილს თეა წულუკიანისა და მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებიან. საქმეზე სხდომა 20 ივნისისთვის გადაიდო.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 6 ივნისს თქვა, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“. მაშინ მან არ დააკონკრეტა სახელები და გვარები.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საჯარო ფიგურების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსების გამო სიახლეა საქართველოში.
17316_ე მუხლით ცალკე გამოეყო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის “სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება”, როდესაც ეს სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ისჯება 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობით 45 დღემდე. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა გაიზრდება 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე; ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა – 60 დღემდე.
მიმდინარე სამართალწარმოებაზე კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა. ლევან იოსელიანის შეფასება სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მოსაზრებებისთვის პოსტების ავტორების სასამართლოში დაბარებაზე ასეთია:
„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო იცავს ძალიან მკაცრ და კრიტიკულ მოსაზრებებს, მათ შორის ისეთსაც, რაც საზოგადოების უმეტესობისთვის შეიძლება მიუღებელი და შოკის მომგვრელიც იყოს, მაგრამ ის არ იცავს, მათ შორის, არც საჯარო პირების მიმართ სიძულვილის ენას, ბულინგს, ძალადობის წაქეზებას ან ბილწსიტყვაობას. აზრის გამოხატვა, მათ შორის, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არ შეიძლება მიმართული იყოს კონკრეტული ადამიანის დასაზიანებლად ან დასაკნინებლად. ეს არის სტანდარტი, როგორც სტრასბურგის სასამართლო განმარტავს კონვენციის 10 მუხლს და ამაზე არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული.
დანარჩენი დამოკიდებულია საქმის დეტალებზე და სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებზე, რაზე დაყრდნობით იბარებენ ამ ადამიანებს ან რა ტიპის გამონათქვამებს ედავებიან.“
ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB-სტატუსების გამო 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული აქციების პარალელურად გაამკაცრა.
ეს კანონი აქტიური მოქალაქეების წინააღმდეგ უკვე გამოიყენეს დეპუტატებმა და პოლიციელებმა:
· 17 მაისს ლაშხთან, როცა ის კაფეში იმყოფებოდა მცირეწლოვან შვილებთან ერთად, მივიდა რამდენიმე ქალი შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს…“ ლაშხმა ეს შეურაცხყოფად აღიქვა, შსს-ს მიმართა, სასამართლომ კი ორ აქტივისტ სტუდენტ გოგოს 12-12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი 4-ათასლარიანი ჯარიმა.
· 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ მუხლით 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა თორნიკე სხვიტარიძეს და 5 000-ლარიანი ჯარიმა ანი ქავთარაძეს – მათ შსს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.
· 23 მაისს ზუგდიდის სასამართლომ 3 500 და 4 000-ლარიანი ჯარიმები დააკისრა მარიამ სიჭინავას და კერენ ესებუას, რომლებსაც ირაკლი ზარქუამ უჩივლა მას შემდეგ, რაც ისინი მას ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში დახვდნენ და იქიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს.
· 4 ივნისს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ალბი კორძაიას – მას თეა წულუკიანმა უჩივლა მის სახლთან მოწყობილი აქციის გამო, რომელზეც კორძაია აპროტესტებდა წულუკიანის განცხადებას საქართველოს ეროვნულ გმირზე, 2008 წლის ომში მოკლულ გიორგი ანწუხელიძეზე.
· 5 ივნისს დავით მათიკაშვილმა უჩივლა აქტივისტ ლექსო სამხარაძეს, რომელიც ქუჩაში გადაეყარა და მისი დანახვის შემდეგ დაიწყო სიმღერა, რომელიც ხშირად ისმის ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე: „ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“.
· 6 ივნისს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ბექა პაპაშვილს – მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ეს გადაწყვეტილება თეა წულუკიანის სარჩელის საფუძველზე მიიღო. პაპაშვილსაც დეპუტატი მის სახლთან მოწყობილ აქციაში მონაწილეობის გამო უჩიოდა.
ფორუმი
