მოსამართლეს აუცილებლად უნდა დავუფასოთ, რომ არცერთი დარბაზში მსხდომი არ გაუძევებია, მოთმინებით ისმენდა ჩვენს რეპლიკებს. ალბათ, მადლობა გვეთქმის იმიტომ, რომ ჯარიმა გამოიყენეს და არა 60-დღიანი პატიმრობა, თუმცა, ყველას ჩანთები უკვე ჩალაგებული გვქონდა , – ამის შესახებ მომღერალმა ნინო ქათამაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხი განიხილებოდა.
ნინო ქათამაძის თქმით, ის კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ რუსთაველის გამზირსა და მთელს ქვეყანაში მიმდინარე პროტესტი სწორია და უნდა გაგრძელდეს.
“კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ბრძოლა, რაც რუსთაველის გამზირზე და მთელს საქართველოში მიდის, ნამდვილად სწორი პროტესტია და ნამდვილად გასაგრძელებელია, რადგან ყველაზე მთავარს – თავისუფალს, ყველაზე მთავარს – სიტყვას აქვს უფლება, რომ თანაგრძნობის სივრცეში იარსებოს და ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერით უნდა გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში.
მე ისიც არ ვიცოდი, თუ ასეთი ბოროტი მეორე მხარეც არსებობდა, ასეთი ბოროტი დაჯგუფება, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი დანაშაული დაფიქსირებულიყო.
ქალბატონ მოსამართლეს აუცილებლად უნდა დავუფასო, რომ არცერთი ჩვენი დარბაზში მსხდომი არ გაუძევებია, მოთმინებით ისმენდა ჩვენს რეპლიკებს. ალბათ, მადლობა გვეთქმის იმიტომ, რომ ჯარიმა გამოიყენეს და არა 60-დღიანი პატიმრობა, თუმცა, ყველას ჩანთები უკვე ჩალაგებული გვქონდა და მზად ვიყავით ამ ბრძოლაში, რაც არ უნდა სასჯელი მიგვეღო, ბოლომდე გავყოლოდით, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ თანადგომისთვის ყველანაირი სასჯელი ასატანია და ჩვენ ერთიანად შევძლებთ, ისეთი სასამართლო სისტემა გვქონდეს, სადაც ყველა მსჯავრდადებულის იმედი იქნება ეს სახლი”, – განაცხადა ნინო ქათამაძემ.
