ნინო ტყეშელაშვილი: ჩემი ხელმძღვანელისგან იყო მკაცრი მუქარები… მითხრეს, რომ უნდა გავჩერებულიყავი, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან გამიშვებდნენ

დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ნინო ტყეშელაშვილი მისსავე ხელმძღვანელს მუქარის გაჟღერებაში ადანაშაულებს.

ყოფილი საჯარო მოხელე “ტვ პირველის” ეთერში ამბობს, რომ ერეკლე ჭანტურიასგან მიიღო პირდაპირი დირექტივა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია არ გამოეხატა, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდა.

ჩემი ხელმძღვანელი პირისგან იყო მკაცრი მუქარები, რომ უნდა გავჩერებულიყავი. მე ვიყავი სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების ხელმძღვანელი. ესენი იმ სფეროს წარმომადგენლები არიან, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ. მითხრეს, რომ უნდა გავჩერებულიყავი მეც და ჩემი თანამშრომლები. ეს იყო პირდაპირი მესიჯი, რომ გაჩერდი, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიშვებთ სამსახურიდან. ეს მითხრეს პირადად. ჩემი უშუალო ხელმძღვანელი იყო ერეკლე ჭანტურია, სააგენტოს უფროსი იყო ვლადიმერ ხელაძე, რომელიც ხელს უწყობდა ამ პროცესებს”. – განაცხადა ნინო ტყეშელაშვილმა. 

ცნობისთვის, ნინო ტყეშელაშვილი დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან 2025 წლის 2 იანვარს გაათავისუფლეს.

ასევე დაგაინტერესებთ